მორიგი პოლიტპარანოია - ვიდრე სოსო ჯაჭვლიანი ამბასადორიალის მნიშვნელობას გუგლში ეძებდა, რათა მორიგი იბიარდი არ დამართნოდა, მისმა კოლეგამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ჯობდა გედიას ამბასადორიალი აბანო გონებოდა და ისევ საზოგადოების ეპიცენტრში თავად ყოფილიყო.
რთული სათქმელია, ასეთი რა დააშავა წინდის ქსოვის ნიჭმა, რომელმაც მარგველაშვილის ხასიათს ძაფების საჭირო ადგილებში გადაფსკვნის უნარი შესძინა და თმენის ვალდებულება იმ დონემდე განუვითარა, რომ ყველაფერს იტანს. რადგან ყველა ვისაც არ ეზარება მას აქილიკებს.
თუმცა როგორც ამბობენ მარგველაშვილის გამქილიკებლებს კარიერაში სერიოზული წინსვლა ექნებათ.
ამიტომ ზოგისთვის „ნაციონალი პრეზიდენტის“ კრიტიკით მომავალის აწყობა მარტივი გამოსავალია. გამოსავალი, რომლითაც შესაძლებელია მათი „ქართული ოცნების“ ახდება.
„ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა , რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც.“
აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭაურმა გააკეთა, სადაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობდა.
როგორც იქნა საზოგადოებამ საკანონმდებლო ტრიბუნიდან გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილი დამნაშავეა. მეჭიაურს დავესეხსები და ცოტა შესწორებას შევიტან: ჩემი აზრით, ექს-პრემიერი დამნაშავეა არა იმიტომ, რომ მარგველაშვილს ვეტოთი აღჭურვაში დაეხმარა, არამედ იმიტომ რომ მეჭიაურს დაეხმარა მოხვედრილიყო იქ, სადაც მისი ადგილი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ მეჭიაური იმ თაობის წარმომადგენელია, რომლებიც შარვლის ღილებს საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ იკრავენ, იმედი მაქვს ექნება წვდომა გლობარულ სივრცესთან და შეძლებს IQ ტესტირებას, რომელთა საშუალებითაც მარტივადაა შესაძლებელი ადამიანის ინტელექტუალური დონის შეფასება. ამას მხოლოდ ტესტებით თუ გავიგებთ, თორემ „საქმენი საგმირონითა“ და განცხადებებით ისედაც ნათელია მისი ინტელექტუალური რესურსი.
თუმცა მხოლოდ ინტელექტი, პიროვნების თვისება, რომელიც აზროვნების უნარსა და ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს არ არის საკმარისი. მისი სრულყოფაში მოყვანაა საჭირო - ვერბალური აღწერა მოქმედებაში გადაიტანოს და საკუთარი კულტურისა და წესების შესაბამისად იმოქმედოს, რომლის უნარიც მეჭიაურს არ გააჩნია.
არადა, ამ ყველაფერთან ერთად საპარლამენტო ცხოვრებას ხომ თავისი ეთიკისა და კულტურის წესები გააჩნია, რომელსაც კანონი ვერ არეგულირებს, თუმცა დაცვა მაინც სჭირდება. არა იმიტომ რომ ვინმეს ვინმესგან გამოარჩევს, არამედ იმიტომ რომ წესია .
მოგვიანებით მეჭიაური თავის მართლების რეჟიმში ვიხილეთ. ეტყობა მისთვის არავის უთქვა, რომ თავის მართლება წაგებული პოზიციაა და სხვისი ღირსების შელახვით საკუთარი უმოქმედობისა და უუნარობის გამართლებას ვერ მოახერხებს.
თქვენ კიდევ ბატონო პრეზიდენტო ქსოვეთ! - ვეტოები და ქსოვაც ძალიან გიხდებათ!
პაპუნა შუშანია
მასალის გამოყენების პირობები






