თეა თუთბერიძემ სოციალურ ქსელ "ფესიბუქში" ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც თეა წულუკიანის მიერ გამოქვეყნებული დიპლომები გაშიფრა და საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბა. "თეა წულუკიანი იურისტი არ არის და მას უმაღლესი იურიდიული განათლება არა აქვს", - ასე დაასათაურა თუთბერიძემ ჩანაწერი, რომელსაც "ნიუპოსტი" სრულად გთავაზობთ:
Diplome D'administration publique=საჯარო ადმინისტრირების დიპლომი.
Diploma In Public Administration=დიპლომი სახელმწიფო მართვის სფეროში.
საჯარო ადმინისტრირება არ უდრის იურიდიულ განათლებას! მაგალითისთვის, ჩემი მეზობელი სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (გეპეი) სამართალმცოდნეობის განხრით. ეხლა ის რომ დაამთავრებს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომ განაცხადოს, მე ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ამიტომ ქიმიური ტექნოლოგი და მეტალურგი ვარო, როცა სამართალმცოდნეობის განხრით სწავლობს, იქნება მეტალურგი? პასუხი არის, არა!
საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრი აუცილებელია იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონდე და მანახეთ ეს იურიდიული განათლება სად უწერია. ამას ვითხოვთ და არა წულუკიანის ზეპირ განცხადებებს, რომ ის იურისტია.
საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ ცალსახად ითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს იურისტი. რაც შეეხება სხვა სამინისტროების მინისტრებს, მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობაში არსად წერია, რომ ეკონომისტობაა ეკონომიკის მინისტრობისთვის საჭირო, ასევე არც ის არსად წერია, რომ ელექტრიკოსი უნდა იყოს აუცილებლად ენერგეტიკის მინისტრი და არა ფეხბურთელი.
დიახ, წულუკიანი პროკურორია საქართველოს კნონით "პროკურატურის შესახებ". ეს იქ პირდაპირ წერია. რადგან იუსტიციის მინისტრი ბრალს უყენებს მაღალი თანამდებობის პირებს, მაგალითად პრეზიდენტს, გენერალური შტაბის უფროსს და ა.შ. წულუკიანმა წაუყენა, თუ გახსოვთ გენერალ გიორგი კალანდაძეს ბრალი.
მოდით ვნახოთ საქართველოს კანონი "პროკურატურის შესახებ":
"თავი I
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი), მისი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;"
გახსოვთ ალბათ, რომ სანამ იუსტიციის სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას გააერთიანებდნენ, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში პროკურატურა არ იყო და შესაბამისად იმდროინდელი კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრს უმაღლესი იურიდიული განათლების ქონა არ მოეთხოვებოდა, ისევე როგორც სხვა მინისტრებს არ მოეთხოვებათ დღეს იყვნენ იმ სფეროს სპეციალისტები, რომელი სფეროს მინისტრებიც არიან. მაგრამ მას შემდეგ რაც იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა გაერთიანდა, მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრს მიენიჭა პროკურორის ფუნქციები (ბრალის წაყენება უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის), ეს გახდა სავალდებულო. იმ ქვეყნებში, სადაც იუსტიციის მინისტრი ამავე დროს პროკურორიცაა, მას მოეთხოვება უმაღლესი იურიდიული განათლება (აქ ახალი ველოსიპედი არავის გამოუგონებია, ნანახი და შესწავლილი იქნა არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა ამ კუთხით), ხოლო სადაც იუსტიციის მინისტრი პროკურორი არ არის ამავე დროს, იქ ეს მოთხოვნაც არ არის კანონმდებლობით.
სხვათაშორის, დღეს აბსურდული და არასერიოზული კომენტარი გააკეთა საფრანგეთის საელჩომ. მე შეიძლება ძალიან ძლიერი მათემატიკოსი მასწავლიდეს ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლის დროს, მაგრამ ამის გამო მე ვერ ვიტყვი, რომ მატემატიკოსი ვარ და რომც ვთქვა, ბუნებრივია ვერ ვიქნები.
ასე რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაა, საფრანგეთის კანონმდებლობა კიდევ საფრანგეთის, გერმანიაში თავისი კანონი მოქმედებს და ა.შ.
წულუკიანის დამცველები ქილიკობენ და გაიძახიან, თითქოს ფრანგულ დიპლომს არ ვცნობთ. ფრანგულ დიპლომს ვცნობ (ჩვენი კანონმდებლობით), მაგრამ იმისთვის რომ პირი იურისტად ცნო, იქ იურიდიული განათლება უნდა ეწეროს სადმე და არა საჯარო ადმინისტრირება და ან სხვა რამ.
მნიშვნელოვანია ასევე ვნახოთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესიც, სადაც კარგად არის განმარტებული, თუ ვინ ითვლება იურიდიული განათლების მქონე პირად საქართველოში. "ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი
მუხლი1. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები:
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით "სამართალმცოდნეობა" ან "საერთაშორისო სამართალი" და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს "იურისტის" კვალიფიკაცია."
თსუ-ში არის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ვინც ამ ფაკულტეტს ამთავრებს, ყველა იურისტი არ არის, რადგან ვიღაცეები სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო ვიღაცეები საერთაშორისო სამართლის განხრით. ის ვინც საერთაშორისო სამართლის კუთხით სწავლობს, მას ენიჭება იურისტის კვალიფიკაცია, ის ვინც საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სწავლობს, მას ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნის კვალიფიკაცია.
არავინ არ ამბობს იმას, რომ წულუკიანს უმაღლესი განათლება არ გააჩნია. პირიქით, მას ძალიან კარგი უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული, მაგრამ ის იურისტი არ არის და ამით ირღვევა კანონი. ეს არის და ეს!", - წერს თეა თუთბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






