ერთი სიტყვით, ლაშასნაირი მზრუნველი, ერთგული და საქმიანი ქმარი ბევრს არ ჰყავდა ჩემს საახლობლოში.
სიმართლე გითხრათ, არც შაკო იყო ნაკლები, მაგრამ, თეოს სულ პრეტენზიები ჰქონდა მის მიმართ და ხშირად აყვედრიდა თავს მთელ ოჯახს, რის გამოც უსიამოვნებები არ აკლდა არც ქმართან და არც დედამთილთან. ერთხელ კი, ჩემი იქ ყოფნის დროს, თეომ რაღაცა წაუგესლა დედამთილს შაკოზე და იმანაც პირში მიახალა: რით ვერ ამოვედით შენი ვალიდან! შენი უხასიათობის წყალობით შვილიც გამიგიჟე და ნათესავებიც მომიმდურე. ამ შენს მეგობარს მაინც მიბაძე, როგორ ექცევა ქმარს და დედამთილს. ხომ ხედავ, ის ცანცარა ბიჭი რა კაცად აქციაო. უხერხულობისგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. თეომ კი ამ სიტყვების შემდეგ ამითვალწუნა და თითქმის აღარ გვაქვს ურთიერთობა – ათასში ერთხელ თუ დავრეკავთ ან მივალთ ერთმანეთთან. ერთ დღეს კი მითხრა, რა ვიცოდი, ლაშა ასეთი კაცი თუ დადგებოდა, თორემ, შენ როგორ შეგიწყობდი ხელს მასთან დაახლოებაშიო. ძალიან მეწყინა, ავდექი და წამოვედი. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, რომ, თურმე, ჩემი დაქალი არ მცნობია. მას შემდეგ აღარც მივსულვარ და აღარც დამირეკავს, თუმცა კი მრცხვენია ჩემი საქციელის, რადგან, მისი შვილის ნათლია ვარ. მაგრამ, როცა ადამიანი გაგრძნობინებს და ლამის პირდაპირ გეუბნება, რომ ნერვებს უშლის შენი დანახვა და, საერთოდ, შენთან ურთიერთობა, ძალით ხომ არ ჩამოეკიდები კისერზე?! შაკო კი მართლა გულით მეცოდება, რადგან, სულაც არ არის ცუდი ბიჭი, ეს თეო აღმოჩნდა უმადური და პრეტენზიული და უსიამოვნებებიც იმიტომ აქვს. არადა, ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ და სულ სხვანაირი გოგო იყო. ძალიან მიკვირს, რამ შეცვალა ასე.
ია, 24 წლის.
წყარო ”თბილისელები”
მასალის გამოყენების პირობები






