მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გაუგებარი და აბსურდულია არგუმენტები, რის გამოც სამეთვალყურეო საბჭომ არხის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენა. ისინი გადაყენების ფორმის მიზანშეუწონლობაზეც საუბრობენ.
მეორე არხის პროდიუსერის, დოდო შონავას თქმით, თანამშრომლების ნაწილს სურდა დავით პაიჭაძის გადაცემაში სამეურვეო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გამო, მაუწყებელში შექმნილი პრობლემების შესახებ ესაუბრათ.
"ჩვენ აღარ გვინდა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ გვინდა სიმშვიდე, ჩვენ გვინდა მომავალზე ორიენტირებული გუნდი. გუნდი, რომელიც შედგება გულშემატკივრებისგან და არა ისეთი ჟურნალისტებისგან, რომლებიც ეთერში არ საუბრობენ ამ პრობლემებზე, კერძოდ, ამ შემთხვევაში დავით პაიჭაძე მყავს მხედველობაში. მან თქვა, რომ ეს არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო თემა", - აღნიშნა დოდო შონავამ.
თავის მხრივ, კომენტარი ჯერ "რუსთავი2"-თან, შემდეგ კი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ:
"ცოტა ხნის წინ ოთხმა ტელეკომპანიამ მთხოვა, მეპასუხა შეკითხვაზე, რატომ არ დავუთმე ეთერი საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს მომხდარ ამბავს - გენერალური დირექტორის გადაყენებას. ამ თხოვნით, მოთხოვნით თუ შეკითხვით მე მომმართა დიალოგის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ტელევიზიის თანამშრომელთა ჯგუფმაც, რომელიც თავის თავს საინიციატივო ჯგუფს უწოდებს. აქ დავწერ, რა ვუპასუხე ტელევიზიებს. რადგან ჩემი პასუხი ცოტა ვრცელი გამოვიდა და ის სრულად შეიძლება არ აჩვენონ, აქაც ჩამოვაყალიბებ მათთვის ნათქვამს უფრო მოკლედ:
1. გადაცემამდე 15 წუთით ადრე ძნელია შეცვალო გადაცემის დღის წესრიგი.
2. გადაცემის თემასა და სტუმრებს უწინარესად მე განვსაზღვრავ და ამ სარედაქციო დამოუკიდებლობას ვუფრთხილდები, თუნდაც კოლეგათა წინაშე.
3. მთავარი: სამეურნეო საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო ერთ ადამიანს - გიორგი ბარათაშვილს: ის გადააყენეს. გიორგი ბარათაშვილი ამ საღამოს საქართველოში არ იმყოფება. ყველაზე ადეკვატური რესპონდენტი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისას სწორედ გიორგი ბარათაშვილი იქნებოდა სამეურვეო საბჭოს რომელიმე წევრთან თუ თავმჯდომარესთან ერთად. ამიტომ ეთერში არ მოვიწვიე არავინ არც სამეურვეო საბჭოდან. საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი ავალდებულებს მრავალმხრივად და დაბალანსებულად წარმოაჩინოს მხარეთა ინტერესები. დღეს გიორგი ბარათაშვილის არყოფნის გამო ამ შესაძებლობას მოკლებული ვიყავი. მხოლოდ, მაგალითად, ლევან გახელაძის სტუდიაში ჯდომა ქმნიდა ცალმხრივობის რისკს. გიორგი ბარათაშვილის თბილისში დაბრუნებისთანავე და მისი სურვილს შემთხვევაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ "დიალოგში" გავმართოთ დისკუსია მას და რომელიმე იმ ადამიანს შორის, ვინც ხმა მისცა გენერალური დირექტორის გადაყენებას".
მასალის გამოყენების პირობები






