"ამა წლის 4 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განიხილა საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარება. საკითხის განხილვას წინ უძღოდა გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიერ ამავე ორგანიზაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან ფაქტობრივი გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება მისი მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისა და ფინანსური გარიგების შეთავაზების შესახებ. ყოველივე ამას ორივე მხრიდან მოყვა ბრალდებების გაცვლა, როგორც მაუწყებლის ეთერით, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქციაა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედმხედველობა, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვა.
აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭომ ვალდებულად ჩათვალა განეხილა ზემოთაღნშნული საკითხი.
საბჭომ მოისმინა ორივე მხარის არგუმენტები, რის შემდეგაც საბჭოს წევრების მოთხოვნით, მაუწყებლობის შესახებ კანონის ოცდათორმეტი პრიმა მუხლის პირველი ბე ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი.
მაუწყებლობის შესახებ კანონის ოცდამეთორმეტე პრიმამუხლის მესამე მუხლის თანახმად, საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.
გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობდა შემდეგი არგუმენტებით: საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონვიქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს, მიაწოდოს მოსახლეობას დაბალანსირებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია.
საბჭო ვალდებულია მაუწყებელი დაიცვას პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლობის რეპუტაცია. ფორმა, რომელიც საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს და მის შიდა სტაბილურობას. მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რადგან კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭვქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის მცდელობად იქნეს ინტერპრეტირებული.
ასეთი კრიზისულ ვითარების შექმნა იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, თვალყური ადევნონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენი მხრიდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს."
მასალის გამოყენების პირობები






