,,გოლგოთა და ჯვარცმა იყო მოახლოებული და მოციქულების რწმენაში განსამტკიცებლად უფალმა სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე თაბორზე წაიყვანა, სადაც მას მოსე და წმინდა ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, ფერი იცვალა, გაბრწყინდა. ეს იყო ის ბრწყინვალება, რომლის ატანა შეეძლო მოციქულებს. ეს არ იყო უფლის მთლიანი ნათება. ეს იყო ნაწილი. უფლის მთლიანი ნათება, რომ დაენახათ მოციქულებს, ცოცხალი ვერ დარჩებოდნენ. დღეს ჩვენ უფალი მოგვიწოდებს ფერიცვალებისაკენ. ჩვენ უნდა ვიცვალოთ ფერი. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ და გუშინწინ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ცოდვა, ნაკლი", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღევანდელი დღე არის ბუნებისა და ადამიანის ფერიცვალების დღე.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში მყოფ ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან ჩამოსულ ოსებს მიმართა.
"ეს არის ადგილი, სადაც მუხლი მოუდრეკია ბევრ მეფეებს, დაღვრილა ბევრი სისხლი და ცრემლი. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. სტუმრად არიან ისრაელიდან, წმინდა მიწიდან არაბი სასულიერო პირები, პეტერბურგიდან – ქართველები და რუსეთის წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ტაძარში იმყოფებიან ოსები, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან და სხვა პირები. ჩვენ გულით მოგესალმებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის შემდეგ მრევლს ტაძარში მყოფმა წმინდა იოაკიმეს და ანას სახლის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მენეხიოსმა მიმართა. მისივე თქმით, იგი არის არაბი მართლმადიდებელი გალილეადან, რომელსაც საქართველოში დღეს 50 მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩამოყვა. არქიმანდრიტმა საუბრისას აღნიშნა, რომ მეხუთედ იმყოფება საქართველოში და იღებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.
,,არ არსებობს საკმარისი ოქრო და ძვირფასეულობა, რომ მადლობა შეწიროს საქართველოს პატრიარქს მისი მსახურებისათვის“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა. არქიმანდრიტმა მენეხისმა უწმინდესს საჩუქრად გადასცა ღვთისმშობლის შობის ადგილიდან წამოღებული წმინდა ნაწილი. თავის მხრივ, უწმინდესმა მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ მენეხიოსს საჩუქრისათვის და აღნიშნა, რომ ,,საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამ წმინდა ნაწილს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.
მასალის გამოყენების პირობები