ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მსხვილ კვარტალ უილიამსბურგში დასახლებულ-დაფუძნებულია, ულტრაორთოდოქსი ებრაელების მსოფლიოში უდიდესი თემი. მათი გამორჩევა მეგაპოლისის სხვა დიასპორათა წარმომადგენლებისგან ძალიან ადვილია. მამაკაცები შავ სამოსსა და შავ ცილინდრებში, გრძელი წვერითა და საფეთქლებიდან ჩამოზრდილი და ზამბარისებურად დახვეული თმებით. ქალები ატარებენ პარიკებს (გათხოვების შემდეგ მთელი ცხოვრება თმებს იპარსავენ) და იცვამენ უაღრესად სადად, ერთმანეთში ლაპარაკობენ იდიშზე და ყველანი, უკლებლივ, სიცოცხლის ბოლომდე, სწავლობენ და ითვისებენ თორასა და თალმუდს! მსგავსი კვარტალები, უფრო მცირე მასშტაბისა არის იმავე ბრუკლინის ,,ბორო პარკში", და ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მონსიში, კანადაში, ასევე, ბელგიასა და ინგლისში (ლონდონსა და მანჩესტერში), არგენტინაში, შედარებით მცირე რაოდენობით საკუთრივ ისრაელში, კერძოდ, იერუსალიმში! ამ ულტრაორთოდოქსთა თემში ლიდერობს სექტა სახელწოდებით ,,სატმარელი ხასიდები", რომლებიც ცნობილნი არიან , როგორც პირწავარდნილი ანტისიონისტები და ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობის დაუძინებელი მტრები!!!
,,სიონისტები ცოდვილნი არიან ღმერთის წინაშე, რადგან შექმნეს სახელმწიფო... მესიის მოსვლამდე! ებრაელებმა გაფანტულებმა უნდა იცხოვრონ, ხოლო, ჰოლოკოსტი არის ღვთის რისხვა სიონიზმის გამო!"
ამ ,,მარგალიტებს" ასწავლიან და ამ სულისკვეთებით ზრდიან თავიანთ ბავშვებს! ამასთან, მრავლდებიან სწრაფად! ქალები, სანამ ფიზიოლოგიურად შეუძლიათ, აჩენენ და აჩენენ ბავშვებს. 8,10,12 და მეტი ბავშვი თითოეული ხასიდის ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი, მოსეს ათ მცნებასთან ერთად მკაცრად იცავენ უზენაესის აღთქმას - ინაყოფიერეთ და გამრავლდითო! მე პირადად, წლების მანძილზე მქონდა ხასიდებთან (არასატმარელებთან) ურთიერთობა, ვმუშაობდი კიდეც ერთ-ერთ მათს კომერციულ უწყებაში და ვიტყვი, რომ ადამიანურ, თუ საქმიან ურთიერთობებში, მათზე უფრო პატიოსანი, გამტანი და ერთგული ხალხი, იშვიათად მინახავს. ხოლო რაც შეეხება, მათს რელიგიურ მრწამსს და იდეოლოგიას, მხოლოდ ცოტა რამ თუ გავიგე, გარდა იმისა, რომ ძველი აღთქმის თავგადადებული მიმდევრები არიან (პირად საუბრებში სიტყვაძუნწობით გამოირჩევიან, მით უფრო არაებრაელთან რელიგიურ თემაზე დისკუსიას თავს არიდებენ).
ყველაზე ქარიზმატული სატმარელი ლიდერი გახლდათ რაბინი ჯიოელ ტეიტელბაუმი (სწორედ მისი ლოზუგია, ,,ჰოლოკოსტი არის ღვთის რისხვა სიონიზმის გამოო..."), რომელიც, მეორე მსოფლიო ომის დროს, ულტრაორდოდოქსებმა სოლიდური წონის ოქროს ფასად გამოისყიდეს საკონცენტრაციო ბანაკ ბერგენ-ბელზენიდან და საამისოდ მოელაპარაკნენ თვით ებრაელი ერის ერთ-ერთ ჯალათს ადოლფ ეიხმანს (ეს ის ეიხმანია, რომელიც 1961 წელს ისრაელში გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს). მოგვიანებით, გაზის კამერას გადარჩენილმა ამ ტეიტელბაუმმა საჯაროდ ბრძანა, რომ ,,მეორე მსოფლიო ომის დროს, ექვსი მილიონი ებრაელი დაიღუპა სწორედ სიონიზმის შედეგადო (!!!) მისგან წამოვიდა და მოვიდა დღემდე ეს მოძრაობა და რადგან ტეიტელბაუმი რუმინეთის ქალაქ სატმარიდან იყო წარმოშობით, სახელიც შესაბამისი დაირქვეს და დაიწყეს ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ!
ისმის კითხვა,- რა ხდება?! ვინ არიან ამ ბიბლიური ერის ეს საეჭვო წარმომადგენლები?! რა სურთ და რა ამოძრავებთ მათ?! სატმარელი ხასიდები იდეოლოგიურად საკუთარ თავს მიაკუთვნებენ ორგანიზაცია ,,ნეტურეი კარტას" (ქართულად ითარგმნება, როგორც- ქალაქის გუშაგნი), ეს უკანასკნალი, ალბათ, გახსოვთ დენ ბრაუნის გახმაურებული რომანიდან ,,დავინჩის კოდი". თუმცა, გაუგებარი და ბუნდოვანია, რატომ ემხრობიან ხასიდები ამ უძველეს კათოლიკურ სექტას. სატმარელები ხოტბას არ იშურებენ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ჰამასისადმი", იმ ჰამასისადმი რომელიც ებრაელი ბავშვებით სავსე ავტუბუსებსა და კაფეებს აფეთქბდა, დღემდე ზრდის მომავალ შაჰიდებსა და ტერორისტებს, სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს ისრაელის წინააღმდეგ და კვლავაც ერთგული რჩება სტრატეგიისა, რომ ებრაელები ზღვაში უნდა გადაყარონ, ისრაელი კი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა!
უარესიც, სატმარელი რაბინები წლების მანძილზე იასირ არაფატს კონსულტაციებს უწევდნენ, თუ როგორ უნდა ებრძოლათ არაბებს ებრაელების წინააღმდეგ და რის შედეგადაც არაფატმა (ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის ამ უპირველესმა მამამთავარმა) შეიმუშავა ,,ფორმულა" ებრაელი ერის გადაშენებისა: ,,ჩვენ, პალესტინელებს, გვაქვს უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ებრაელების ატომური ბომბია! ეს არის პალესტინელი ქალის საშვილოსნოო!!!" უფრო გასაგებად, ალბათ ვერავინ ჩამოაყალიბებდა პალესტინელი არაბების იდეოლოგიას, რაშიც სატმარელ რაბინებს ლომის წვლილი მიუძღვით! დღეს კი, სატმარელები პერმანენტულად მართავენ მიტინგებს თეთრ სახლთან და გაეროს შტაბ-ბინასთან, ლონდონსა და მანჩესტერში, მონრეალში და სხვაგან, ლოზუნგებითა და მოთხოვნებით: -,,იუდაიზმს არა აქვს უფლება მართავდეს წმინდა მიწის თუნდაც მცირე ნაწილს!!!" მისი დღევანდელი ლიდერი რაბინები კი გაჰკივიან, რომ ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჯადი, რომელიც ლამის ყველა გამოსვლაში ისრაელს განადგურებით ემუქრება და უხვად აფინანსებს ლიბანში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ჰესბოლას" - არანაირი ანტისემიტი არ არისო (ანუ, ჩვენს შემთხვევაში,აფსუა და ცხინვალელი სეპარატისტების, თუ რუსეთუმე ქართველების დამფინანსებელი და მაღიარებელი პუტინი არანაირი ანტიქართული პოლიტიკის გამტარაბელი არ ყოფილა). საერთოდ, ყველაფერი შეიძლება თქვას და იკადროს ადამიანმა, მაგრამ რაც ამ სატმარელებმა ჩაიდინეს 2006 წელს (და სჩადიან დღემდე), გამახსენა მოსკოვში მორბენალ ზვიად გამსახურდიას მტრებისა და ქართველ პოლიტიკანთა ანტისახელმწიფოებრივი ვოიაჟები და პრესკონფერენციები, შემდეგ შევარდნაძის ამფეთქებლების სირბილი და ანტიქართული გამოხდომები ,,პოდმოსკოვიეს" კონსპირაციული ბინებიდან, მოგვიანებით კი, სააკაშვილის მოწინააღმდეგების ვიზიტები და რევერანსები პუტინებისა და ჟირინოვსკებისადმი და რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდევ?!
მოხდა კი ის, რომ სატმარელ ხასიდთა ექვსი გავლენიანი რაბინი საგანგებოდ ჩავიდა თეირანში, სადაც, იმართებოდა ჰოლოკოსტის უარმყოფელ ორგანიზაციათა საერთაშორისო კონფერენცია 30 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით. იქ გულთბილად ეხვეოდნენ პრეზიდენტ აჰმადინეჯადს, კუ-კლუკს -კლანის ყოფილ ლიდერს დევიდ დიუკს და სხვა ესქსტრემისტული და ანტისემიტური ორგანიზაციების ბოსებს, მადლობას უხდიდნენ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (პუტინს რომ მადლობას უხდიდნენ და უხდიან პოლიტიკანი ქართველები, როგორც ჩანს, ესეც ნორმალურია ახალი ქართული ,,ისტებლიშმენტისთვის").
კულმინაცია კი მთელი ამ ანტისემიტური ბაკქანალიისა გახდა რაბინ აარონ კოენის გამოსვლა კონფერენციაზე, რომელმაც მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა, როცა განაცხადა: ორთოდოქსი ებრალების აზრით, დიახ, ჰოლოკოსტს ჰქონდა ადგილი მეორე მსოფლიო ომისას უფრო გადაჭარბებული დონით, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ ეს არ ამართლებს სიონისტთა კრიმინალურ და უკანონო ქმედებებს პალესტინაში ისრაელის სახელმწიფოს შექმნითო (ალბათ, კარგად ეხმიანება ქართველი პოლიტიკანების ყიჟინს, რომ დიახ, რუსეთმა გადაჭარბებული ქმედება განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპირებული აქვს ქართული ტერიტორიები და გაჟლეტილ-განდევნილი ჰყავს ქართული მოსახლეობა, მაგრამ ეს ყველაფერი სააკაშვილის კრიმინალური და უკანონო მოქმედებების შედეგიაო!).
ჩვენი წმინდა წიგნი თორა გვასწავლის, რომ ებრაელებმა მიიღეს მიწა უზენაესისგან, ხოლო ისინი ვინც ცოდვას სჩადიოდა, განდევნილნი იქნნენ ამ მიწიდან. ჩვენც სწორედ ცოდვების გამო ვიქენით განდევნილნი პალესტინიდან(!!!). ხოლო მეორე რაბინმა, ისრაელ ვაისმა, ტელეკომპანია ,,ალ-ჯაზირასათვის" მიცემულ ინტერვიუში სრულად გახსნა ,,ნეტურეი კარტას" იდეოლოგია და მისწრაფება... ,, ჩვენ მოგიწოდებთ ისრაელის ლიკვიდაციისკენ! ჩვენთვის მიუღებელია ოსლოს შეთანხმებების მსგავსი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც უნდა არსებობდეს ისრაელის სახელმწიფო, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ თორას აღთქმის თანახმად. თორაში ებრაელები გაფრთხილებულნი არიან, რომ არ შექმნან სახელმწიფო პალესტინელი ხალხის ხარჯზე, რომელიც არის კიდეც ამ მიწა-წყლის პატრონი. ამიტომ, ჩვენ გვინდა ცხოვრება პალესტინელთა ხელმძღვანელობით..." და ბოლოს: ,, ისრაელის სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას, რადგან ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. ღმერთისთვის მიუღებელია ისრაელი და ჩვენც შევთხოვთ უზენაესს, რომ მოსპოს ეს ქვეყანა"(!!!)
ჯერ კიდევ სიონიზმის გარიჟრაჟზზე აცხადებდა ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი ვლადიმირ (ზეევა) ჟაბოტინსკი მთელი მსოფლიოს გასაგონად: ,,მოვითხოვთ აღიაროთ ჩვენი უფლება იმაზეც, რომ გვყავდნენ საკუთარი არამზადები და ნამუსგარეცხილები!"
როგორც ჩანს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართული ეროვნული მოძრაობის ჭეშმარიტ ლიდერებსა და და ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, იმთავითვე რომ გამოეცხადებინათ მსგავსი ლოზუნგი, იქნებ ბევრ ქართველ პოლიტიკანს მოეთოკა საკუთარი ამბიციები და ქვეყნის უფსკრულისკენ სვლისთვის ხელი აღარ შეეწყო.
მაგრამ არა... როგორც ჩანს, ამ მხრივ დიდი განსხვავება არ რჩება ქართველებისა და სატმარელი ხასიდების ქმედებებს შორის, მაგრამ თუ სატმარელები მხოლოდ და მხოლოდ თორათი, ანუ რელიგიური მოძღვრებით ხელმძღვანელობენ და მათივე რწმენით, უზენაესის ნების განმახორციელებლებად გვევლინებიან, ვისი ნების განმახორციელებლები იყვნენ და არიან საკუთარი ქვეყნის ინტერესების უგულვებელმყოფელი ქართველი, თუ ქართული გვარების მატარებელი მანქურთები და პოლიტიკანები, ააქვს ვინმეს, უწინარესად, ახალ ხელისუფალთ ამ კითხვაზე პასუხი?! ვფიქრობ, არა აქვთ. რომ ჰქონდეთ, მაგალითად, ისეთ მანქურთს, როგორიც ვინმე ხუბუტიაა, რომელიც აგვისტოს ომისას საქართველოს განადგურებისა და დასამარების ლოზუნგებით გამოდიოდა, თბილისში არ ჩამოუშვებდნენ, მაგრამ თუ მაინც ჩამოვიდოდა, ცხვირპირ დაუმტვრეველს არ გაუშვებდნენ მშობლიურ მოსკოვში! თუმცა თბილისელ ,,კაი და ჯიგარ ბიჭებს" ვინ მისცა საამისო შნო და თავი (არ მინდა უფრო მკვახე და პოპულარული სიტყვა გამოვიყენო), ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ არიან ,,მაგარი ბიჭები" (ისევე, როგორც ადრე გამსახურდიას მიმართ იყვნენ) და ,,საქართველოს გადამრჩენი ,,პატრიოტები"!
მალე იგორ გიორგაძეც გეწვევათ, რომელმაც1995 წლიდან მოყოლებული თხუნელასავით გამოთხარა ,,პოდმოსკოვიეს" კაგებესეული კონსპირაციული ბუნკერები და შევარდნაძიდან დაწყებული სააკაშვილის პერიოდით დამთავრებული რუსული ანტიქართული პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად გვევლინებოდა! ასევე, გეწვევათ პრორუსული მოძრაობის შექმნით აღტკინებული ხაბურძანიაც და ვინ იცის კიდევ ვინ?! რუსეთის ჯაშუშებიც ხომ გამოაცხადეს პოლიტპატიმრებად და გაუშვეს. ,,ქართული საქმეების" კვლავ საკეთებლად?! და ამასთან დაკავშირებითაც მსურს ერთი ჭკუისსასწავლებელი ფაქტი მოვიყვანო, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ ვინმე ,,მეოცნებეს" დააფიქრებს მაინც, არათუ ჭკუას ასწავლის...
28-ე წელიწადია ამერიკის ციხეში სამუდამო პატიმრობის სასჯელს იხდის (ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე), აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი, ეთნიკური ებრაელი, ჯონათან პოლარდი! არადა, ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი არის ათი წლით პატიმრობა, საშუალო სასჯელი კი 4-6 წელი!
მაშ, რა დააშავა ამ ამერიკელმა ოფიცერმა ისეთი, რომ პრაქტიკულად განწირულია ციხეში სიკვდილისთვის?! ჯონათან პოლარდი დააპატიმრეს 1985 წელს, როცა ის პენტაგონში, სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვის უწყებაში მუშაობდა და მის ხელში გადიოდა საიდუმლო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც. მას ბრალად წაუყენეს ისრაელის დაზვერვისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა!
ისმის კითხვა, მაინც, რა ისეთი დოკუმენტები გადასცა პოლარდმა ამერიკის ერთ-ერთ უპირველეს მოკავშირე და მეგობარ სახელმწიფოს (რაც ისრაელმა არ იცოდა?), რომ სამუდამო პატიმრობისთვის გაიმეტა ამერიკულმა მართლმსაჯულებამ?!
1980-ინ წლებში, როცა ირანსა და ერაყს შორის ომი მძვინვარებდა, ვაშინგტონს, კონგრესის პირით, ნეიტრალიტეტი ჰქონდა გამოცხადებული, სინამდვილეში კი აშკარად სადამ ჰუსეინს უჭერდა მხარს. მეტიც, სწორედ ამერიკის ხელშეწყობით შეძლო მაშინ ჰუსეინმა შეექმნა სამხედრო-ქიმიური მრეწველობა (,,ისტორიის ირონია", 2003 წელს პრეზიდენტ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციამ, ერაყის ქიმიური იარაღის საბაბით დაიწყო ომი ამ ქვეყანაში). ინფორმაციას, რომ ამერიკელები ეხმარებოდნენ ჰუსეინს ქიმიური იარაღის შექმნაში, ვაშინგტონი უმალავდა ისრაელს და სწორედ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მოხვდა პოლარდის ხელში. როგორც ეთნიკურმა ებრაელმა და თავისი ოდინდელი სამშობლოს პატრიოტმა (ის ისრაელის მოქალაქეც გახლდათ), რომელიც კარგად ხედავდა თუ რა საფრთხე შეიძლება შეექმნა ქიმიური იარაღით აღჭურვილ სადამ ჰუსეინს ისრაელისთვის, - მიიღო , მისი აზრით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ, შეგახსენებთ 1982 წელს ისრაელის ბომბდამშენებმა გაანადგურეს ერაყში მშენებარე ბირთვული რეაქტორები, რის გამოც სადამ ჰუსეინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდეს!
მოკლედ, პოლარდმა აბსოლუტურად იდეური მოტივებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვალა ისრაელისთვის აღნიშნული დოკუმენტების გადაცემა. შედეგად, თავისივე ინიციატივითა და ძალისხმევით გავიდა მოსადის აგენტებზე და დაიწყო ამ ინფორმაციების გადაცემა სრულიად უსასყიდლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ისრაელში შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტების მნიშვნელობა, შესთავაზეს ანაზღაურება პოლარდს, რაზეც ის თავდაპირველად უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს მაინც ადამიანურმა სისუსტემ სძლია და დაიწყო გასამრჯელოს აღება! ჩავარდა პოლარდი აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო -ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს ოფიცერმა და საბჭოთა დაზვერვისთვის მომუშავე ჯაშუშმა ოლდრიჯ ეიმსმა, სამმართველოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენილ საიდუმლო მოხსენებაში, ჯონათან პოლარდი დაადანაშაულა საბჭოთა კავშირში მოქმედი ამერიკის აგენტურის ჩავარდნაში და უშუალოდ ორი აგენტის დაღუპვაში.
შედეგად, პოლარდს საიდუმლოდ დაუწყეს თვალთვალი და დაიჭირეს კი, მოსადის აგენტებთან კონტაქტისას! არადა, სინამდვილეში სწორედ ეიმსის მიერ რუსებისთვის გადაცემული ინფორმაციის წყალობით მოსკოვში გაქაჩეს კაგებეს ათი ოფიცერი, რომლებიც ამერიკელებისთვის მუშაობდნენ. ისინი გაასამართლეს და დახვრიტეს! საკუთრივ ეიმსი 1994 წელს დააპატიმრეს და როგორც საბჭოთა კავშირისა და შემდეგ, რუსეთის ჯაშუშს, სამუდამო პატიმრობით უკრეს ციხეში თავი! მაგრამ,1987 წელს, როცა პოლარდს ასამართლებდნენ, ბრალდების მხარე ეიმსის მოხსენებასაც ეყრდნობოდა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ,,მწყობრში" იყო.
ერთი სიტყვით, პოლარდმა თავი დამნაშავედ სცნო მხოლოდ ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში, შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ბრალდებულს შორის, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად სასამართლომ პოლარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა! და დაიწყო, რაც დაიწყო და რის გამოც მოვყევი მთელი ეს ამბავი! პოლარდი დააპატიმრეს და გაასამართლეს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს. იქიდან მოყოლებული დღემდე, ისრაელის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ამერიკის ყველა პრეზიდენტს ოფიციალურად სთხოვდნენ და სთხოვენ, რომ შეიწყალოს პოლარდი, ხოლო ამერიკის უზენაეს სასამართლოს - საქმის გადასინჯვას და სასჯელის შემსუბუქებას.
უკანასკნელად ასეთი თხოვნით 2011 წელს მიმართა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბარაკ ობამას (დარწმუნებული ვარ, ხელახლა გაპრემიერმინისტრებული ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში იგივე თხოვნით კვლავ მიმართავს მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტ ობამას).
ძალიან აქტიურობენ ადამიანის უფლებების დამცველი, ამერიკული და საერთაშორისო არასმთავრობო და ებრაული ორგანიზაციებიც, თვით პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსნებიც კი აღარ მალავენ, რომ სასჯელი არაპროპორციულია დანაშაულისა, მაგრამ არა და არ იწყალებენ პოლარდს! აღარც სადამ ჰუსეინია, აღარც მისი ქიმიური იარაღი და ერაყიც პროამერიკულია, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს სახელმწიფოებრივი ღირსება, სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფო საიდუმლოებების ხელშეუხებლობის პრინციპები (ბოლოს და ბოლოს, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი), რომლის დაცვა-შენარჩუნებისთვის დაუნდობლები არიან ყველას მიმართ და მსგავსი სასჯელისთვის იმეტებენ ყველაზე ერთგული მოკავშირე ქვეყნისთვის ჯაშუშურ საქმიანობაში მხილებულ საკუთარსავე ოფიცერს! და კიდევ, რომ არა დიდი პოლიტიკა (უწინარესად, ამერიკის მაშინდელი საგარეო და განსაკუთრებით, შიდაპოლიტიკური პროცესები), ამ საქმეში თითქოს საჯაშუშო არაფერი არ უნდა ყოფილიყო ამერიკელებსა და ებრაელებს შორის, მაგრამ...
...მაგრამ, მინდოდა კიდევ განმევრცო ეს თემა და ანალოგიაც გამევლო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებად ვთქვი და რეზიუმეც მკითხველისთვის მიმინდვია...
ზურაბ მჭედლიშვილი
ნიუ-იორკი
სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის''
მასალის გამოყენების პირობები






