ბრაზილიის ქალაქ სალვადორ დე ბაიაში დაწყებულ მოჭიდავეთა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს პირველობაზე პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, საიდანაც 3 ფინალში ქართველმა იჭიდავა. ჩემპიონები გახდნენ: გელა ბოლქვაძე (74 კგ) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ).
ბოლქვაძემ საჩემპიონო ბრძოლაში თურქი აკბუდაკ ბურჰანი 4:3 დაამარცხა. კახელაშვილმა კი ირანელ ჰოსეიმი ამირჰუსეინს აჯობა - 1:0.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესი წევრი ნუგზარ წურწუმია (50 კგ) ფინალამდე წაუგებლად მივიდა. იქ კი ირანელ რეზა ხედრისთან დამარცხდა (1:2) და ვერცხლს დასჯერდა.
მედლები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა, სადაც შეჯიბრებაში ლევან ქავჟარაძე ჩაერთო, მაგრამ უმედლოდ დარჩა.
დღეს ბერძენ-რომაელები მედლების ბოლო ოთხი კომპლექტის გათამაშებას დაიწყებენ.
ზაზა სილაგაძის გუნდიდან იჭიდავებენ: ევროპის მოქმედი ჩემპიონები ირაკლი შავაძე (55 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ). ასევე რამაზ ზოიძე (66 კგ) და გიორგი მელია (84 კგ).
მასალის გამოყენების პირობები






