პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლიკა კიკიანმა ამოცნობის პროცედურის დროს, ამოსაცნობ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროკურატურის შენობა დატოვა, გამოძიება კი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროკურატურის განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.
"2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ზემოთხსენებულ საქმეზე დაზარალებულმა ლიკა კიკიანმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მოვლენილ დამცველთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება პიროვნების ამოცნობის ჩატარებაში, რა დროსაც მას უნდა ამოეცნო ის სავარაუდო პირები, რომლებმაც მისივე განცხადებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამოცნობისას, პირველ სამ შემთხვევაში მან ვერ შეძლო აღნიშნული პირების ამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ გრძელდებოდა ხსენებული საგამოძიებო მოქმედება და ჩასატარებელი იყო კიდევ 10 ამოცნობა, კიკიანი გაურკვეველი მიზეზის გამო აღელვდა, დაიწყო ტირილი, სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა როგორც იქ მყოფ, ასევე ამოსაცნობ პირებს და დემონსტრაციულად დატოვა პროკურატურის შენობა.
რაც შეეხება გამოძიებას - იგი გრძელდება ჩვეულ რეჟიმში, დანიშნულია ყველა შესაძლო და საჭირო ექსპერტიზა, გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც და მტკიცებულებათა სრულყოფილად შეკრების შემდგომ მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას,"-ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






