ბარბარე რაფალიანცის, ზურაბ ჟვანიას, ზურაბ ვაზაგაშვილის, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული მოწმეების, საქართველოში დეპორტირებული და შემდგომ გაუჩინარებული კრიმინალური ავტორიტეტების, „რუსთავი 2“–ში უკანონო თვალთვალი, ეროსი კიწმარიშვილი და, ჩვენდა სამწუხაროდ, კიდევ არა ერთი.... ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გახსნა პროკურატურამ უკვე არაერთხელ დააანონსა. მათი გახსნის დაპირების გაცემასთან ერთად, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ეს საქმეები პირად კონტროლზე აყვანილად გამოაცხადეს, თუმცა, ამ დრომდე არცერთი მათგანი არ გახსნილა. ამის მთავარ მიზეზად ოპოზიცია პროკურატურის არაკომპეტენტურობას ასახელებს და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.
ბოლო დღეებში მორიგი სკანდალი აგორდა: აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონებას სამოქალაქო პირის განცხადების საფუძველზე ყადაღა დაადო. ნიკა გვარამია, რომელიც წინა წლებში, როგორც სახელმწიფო მოხელე, კერძოდ, პროკურორის მოადგილე, „ტელეიმედის“ დაყადაღების მიზეზებს ხსნიდა, ახლა თავად იქცა დაყადაღებული ტელევიზიის გენერალურ დირექტორად და ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომით ემუქრება.
კერძოდ, 5 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მეწილემ, ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიაში თავისი წილების დაბრუნება მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავის საბოლოო დასრულებამდე, „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა დაედო და კომპანიის დირექტორებს უფლებამოსილება შეეზღუდათ. ამასთან, აქამდე „რუსთავი 2“-ის წილებზე პრეტენზიას კიდევ ორი ბიზნესმენი – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებდა.
ტელემაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი, ზოგჯერ – სამართლიანად, ზოგჯერ კი – უსამართლოდ, თუმცა მის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა.
ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მთელ ამ პროცესს მიღმა შეიძლება, პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. გარდა ამისა, ეჭვს იწვევს ისიც, რომ ზემოთხსენებულ კერძო პირს საკუთარი წილები „ოცნების“ ხელისუფლების არსებობის მესამე წელს გაახსენდა, თანაც მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“–ის ვერ ჩაშლილი კონცერტები ანშლაგით დამთავრდა. არადა, ეს ანშლაგი მხოლოდ ტელეკომპანიის პროექტების პოპულარობაზე მიუთითებს და სულაც არ არის იმის გარანტია, რომ მაყურებელი არჩევნებში ხმას იმ პარტიას მისცემს, რომლის სატელიტობაშიც სდებენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ "რუსთავი 2"–ს ბრალს.
თუ ბრალის დადებაა, გადავხედოთ ქართულ მედია ბაზარს და ეგრევე მივხვდებით, რომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ტელეარხი არ გვაქვს, ყველა ვიღაცის ინტერესს ემსახურება, თუმცა, არა ისე ხარისხიანად, როგორც ამას „რუსთავი 2“ ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიას არაერთი მესაკუთრე გამოუცვლია "კურიერი" ისევ ის კურიერია, რომელმაც პირველმა გააშუქა ეკონომიკური ვარდნა, ლარის გაუფასურება, ტარიფების მომატება, "ოცნების ხელისუფლების" შეუსრულებელი დაპირებები და ქვეყნისთვის ბევრი სხვა საჭირბოროტო საკითხი.
„რუსთავი 2“ კი ის ტელეარხია, როცა სხვებს ეძინათ ადიდებული მდინარე ვერეს მიერ დატბორილი სახლების, ძაღლების თავშესაფრისა და ზოოპარკის შესახებ ინფორმაცია პირველმა გადმოსცა.
ისევე როგორც „რუსთავი 2“-ის გუნდის შესაძლებლობები წარმოუდგენლად უსაზღვროა რასაც დღითი დღე ამტკიცებენ, ბევრი „იმიტომ, რომ“-ის დაწერაა შესაძლებელი. თუმცა, მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ნებისმიერ ტელევიზიას ან გაზეთს, რომლის უკანონოდ, ან თუნდაც კანონის ნიღბით, გაჩუმებას შეეცდებიან ყოველთვის სოლიდარობას გამოვუცხადებ, რადგან “მედიის თავისუფლება” იმას კი არ ნიშნავს, რომ რომელიმე გაზეთს ან ტელევიზიას საკუთარი აზრი არ გააჩნდეს, არამედ იმას, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან და დასკვნები თავად გამოიტანონ.
მოკლედ, სოლიდარობა „რუსთავი 2“-ს იმიტომ, რომ ქართულ მედიასივრცეს კიდევ ერთხელ ემუქრება საფრთხე მოექცეს მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა კი უფრო ექს -პრემიერის ინტერესებს წარმოადგენს, ვიდრე ქართველი ამომრჩევლისა.
P.S. ზემოთხსენებული გამოუძიებელი საქმეების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა ქვეყნისთვის და იმ სამართლიანობის აღდგენისთვის, რომლის ეგიდითაც დღევანდელი ხელისუფლება მოვიდა ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე კერძო პირისა და კომპანიის სამართლებრივი დავა, თუმცა დღეს დემოკრატიისთვის ბრძოლის მთავარი ხაზი ამ ვითარებაში ტელეარხ "რუსთავი 2"-ზე გადის.
პაპუნა შუშანია
მასალის გამოყენების პირობები






