როგორც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ,,ძლევაის" წარმომადგენლობამ ,,ნიუპოსტს" განუცხადა, ნათლობისთვის სულ 800 პატარაა რეგისტრირებული და ნათლობა ორ ეტაპად ჩატარდება. ,,ჩვილთა სიმრავლის გამო ნათლობა ორ ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე 400 ჩვილი გახდება უწმინდესის ნათლული. რაც შეეხება ნათლობის მეორე ეტაპს, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის", - განაცხადეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში.
ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ტრადიციულად, მონათლულებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა, სანთლები და სახარება გადაეცემათ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 13 912 ბავშვია.
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2008 წელს დაიწყო, რომლის მიზანიც ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
პირველი ასეთი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
მასალის გამოყენების პირობები






