_ ბატონო არჩილ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოკვეთილია ახალი ხელსუფლების მიერ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და რამდენად გეგმაზომიერია იგი?
_ ისტორიულ ჭრილში თუ ზოგადად მიმოვიხილავთ საქართველოს საზოგადოების არჩევანს საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით და შემდგომი ჩვენივე იმედების გამართლებასა თუ გაცრუებას, საკამათო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი საზოგადოებრივი მოლოდინები ქვეყნის პარტნიორებთან მიმართებაში ყოველთვის იმედგაცრუებით მთავრდებოდა, როგორც ისტორიულ საქართველოში, ასევე ბოლო ეპოქის საქართველოშიც. ქართული საზოგადოების განსაკუთრებული იმედგაცრუების საგანი კი ბოლო 200 წლის მანძილზე რუსეთი იქცა, თუმცა, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ექსკლუზიური პარტნიორობა გახდა იმედების ამსრულებელი ჩვენი საზოგადოებისათვის.
რამდენად მნიშვნელოვანია საგარეო ორიენტირები რიგითი მოქალაქისათვის, საზოგადოებრივი განვითარებისა და სახელმწიფოსათვის? ერთი შეხედვით, ხსენებული საკითხი თანაბრად პრიორიტეტული უნდა იყოს სამივე სუბიექტისათვის, თუმცა, ხშირად თითოეული მათგანი ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის თავისი ინტერესებისა და შინაარსიდან გამომდინარე; ხშირია, რომ რიგით ადამიანს თავისი მიზნები და ინტერესები აქვს, სადაც არსებითად ყოფითი და სოციალური საზომების შესაძლებლობები გვევლინება, სახელმწიფოს ხშირად სრულიად სხვა ხედვა გააჩნია და ამოსავალ წერტილად ძირითადად სხვა სახელმწიფოებს შორის სახელმწიფოს თვითდამკვიდრების სურვილი წარმოადგენს, საზოგადოებას კი, რომლის არსსაც იდეაში ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი წარმოადგენს, კიდევ სხვა ინტერესი გააჩნია - ესაა ეთნოიდენტობის შენარჩუნების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში.
ბუნებრივია, პიროვნებათშორისი კომუნიკაციის დონეზე არავის აქვს იმის იმედი და თეორიული შეხედულებაც კი, რომ მცირე ქვეყანას ე.წ. „მფარველ პარტნიორობის“ გარეშე შეუძლია დღეს არსებობა და ასე ვთქვათ, სრული დამოუკიდებლობა. ე.წ. „მფარველობა“ კი შესაძლებელია ქვეყანას ხშირ შემთხვევაში ძვირი დაუჯდეს, ან ავტოქთონის გაქრობად, ან ასიმილაციად და ეთნოიდენტობის დაკარგვად. მსგავსი მაგალითები ხშირი შეიძლება მოვიძიოთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს და კიდევ უფრო მეტს მოვიძიებთ, თუ კი ზედაპირულად მაინც გადავავლებთ თვალს რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების ისტორიას, განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიისა და თუნდაც რუსეთის „მფარველობის“ ქვეშ მყოფ ოსებისა და აფხაზების ქრობის დინამიკას, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ეთნოიდენტური მაჩვენებლები მხოლოდ ფიტულის სახითღა შემორჩა.
_ რა იდეა დევს მოკავშირეობისა საზოგადოებრივი კომუნიკაციების დონეზე?
_ ხშირ შემთხვევაში, პოტენციური მოკავშირეები პოტენციურ საფრთხეს უფრო ემსგავსებიან, ვიდრე მოკავშირეობას, ხოლო ვინც საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს, ის სრულიადაც გულგრილია ჩვენი ქვეყნისათვის.
ასე მაგალითად, შეგვიძლია მარტივი კლასიფიკაცია წარმოვადგინოთ ჩვენი ე.წ. არსებული თუ შესაძლო „მოკავშირეებისა“ და მათი უპირატესობების ნაცვლად, ალბათ უფრო რაციონალური იქნებოდა მათი საფრთხეების შესახებ მაინც მიმოგვეხილა.
ქართულ საზოგადოებას არჩევანი არც ისე დიდი აქვს, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური მაჩვენებლები, მეორე მხრივ, ფასეულობათა მსგავსების შესაძლებლობები, მესამე მხრივ, ეკონომიკური ფაქტორების ინტერესები და მეოთხე მხრივ სარწმუნოებრივი ანუ რელიგიური ინტერესები და ა.შ. ფიზიკური თუ იდენტობის უსაფრთხოებისკენ მიმართული ორიენტირები. თითოეული დასახელებული ფაქტორი არც ეწინააღმდეგება რანგით ერთმანეთს და არც გამორიცხავს, თუმცა, სახელმწიფოს არჩევანი ზოგჯერ არსებითად ერთ-ერთისკენ არის ხოლმე მიმართული, რამდენადაც პატარა ქვეყანას, მითუმეტეს კულტურულ ერს, ნაკლებად აქვს პერსპექტივა მოკავშირის არჩევისას უფრო მკაცრად ჩაატაროს „ქასთინგი“, სადაც უსაფრთხოების შანსი მეტია - იქით მიიწევს არჩევანი. მიახლოებითად ამგვარი კონცეფციით ირჩევდა საქართველო საკუთარ საგარეო ორიენტირებს საუკუნეების განმავლობაში.
მარტივ დონეზე რომ წარმოვადგინოთ ქართულმა სახელმწიფომ ასეთი მიახლოებითი კლასიფიკაცია მიიღო უკანასკნელი ეპოქისათვის: რუსეთი, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და ირაციონალურ დონეზე ადგილობრივი - კავკასიის ერთიანობის ზედმეტად მისტიური შესაძლებლობა, უფრო კი შეუძლებლობა.
_ კავკასიის ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოების იდეას ცხადია, არც სხვა სახელმწიფოები, არსებითად კი რუსეთი არ უშვებს წლების განმავლობაში, რამდენადაც ერთიანი კავკასიის იდეა საკმაოდ საშიშად მოსჩანს მისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს დამკვიდრებული ტენდენცია როგორ უნდა გადატდეს საქარტველოს ახალი ხელისუფლების მიერ ორიენტირებული გზის თანახმად?
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პოლიტიკური ინტერესი მწვავედ არის გაშლილი საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც, ცხადია, ამგვარ პერსპექტივებზე ძალისხმევა მხოლოდ ინტერნეტ ფორუმებისა და სადღეგრძელოების დონეზე თუ გამოდგება.
მეორე შესაძლო არჩევანი ევროპა და ევროპული ფასეულობებია, რომელიც ყველაზე ნაკლებად საშიშად მოჩანს ჩვენთვის და ყველაზე წარმტაცადაც, რამდენადაც ძირითადში კულტურული ერებია, ისტორიითა და ფასეულობათა მონათესავობით, საქართველო თავისი არსებობის მანძილზე საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ევროპის ქვეყნებთან დასაახლოებლად, თუმცა, ამ უკანასკნელის გულგრილობის გამო, „ქართულ - ევროპული“ ურთიერთობები ეტიკეტისა და ზედაპირული კომუნიკაციების იქით არასდროს წასულა. შესაბამისად, ეს ფაქტორიც მხოლოდ ზოგად საზომებში ჯდება და რეალურად ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს არც ქართულ სახელმწიფოს და არც ქართულ საზოგადოებას. საქართველო ევროპისთვის არასტაბილური და იმპულსური ქვეყანაა, რომელიც მათთვის უცხო სხეულად რჩება და დარჩება კიდეც დიდხანს, მითუმეტეს, თუ გავითალისწინებთ ე.წ. „ერთიანი ევროპის“ ბოლო წლების პრობლემებსა და თვითგადარჩენაზე მიმართულ ძალისხმევებს, ცხადია, ევროპული სივრცის ორგანულ ნაწილად საქართველოს პერსპექტივა საკმაოდ უკან იწევს.
_ ორგანული ურთიერთობისათვის საქართველოს მხოლოდ ორი დიდი სახელმწიფო რჩება - რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოს მოსახლეობის შეხედულებით ორი შესაძლო „მფარველი“ და რეალურად კი ორი დიდი საშიშროება. როგორ ორიენტირებს ამ ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ გიგანტთან პატარა ქვეყანა?
_ ბოლო წლამდე საკითხები თითქოს კარგად და გარკვეულად ჩამოყალიბდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მორიგად გამოჩენილმა რუსულმა ცბიერებამ საქართველოსთვის დღემდე გადამწყვეტი როლი შეასრულა. მრავალი სპეციალისტი ახლა უკვე თანხმდება იმაზე, რომ 90-იანების ყველა კონფლიქტი და სატკივარი რუსული პოლიტიკის შედეგი იყო - დაწყებული შიდა საზოგადოებრივი აშლილობით, საბჭოთა კავშირის შემდეგ პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის გაძევება-მკვლელობით, ტერიტორიების ოკუპირებითა და დარჩენილ ტერიტორიებზე ფეთქებადად საშიში ვითარებების შექმნის სახით. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერი ლიდერი რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობდა.
საქართველო ირჩევდა ევროპას, ევროპა დუმდა და რუსეთისგან თავის დასახსნელ შესაძლებლობებში საქართველომ ახლო ურთიერთობა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლებიც ცხადია, სრულიადაც არ იტყოდნენ უარს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ქვეყანას მცირედად და სიმბოლურად დახმარებოდა ხოლმე, საქართველომ ამერიკის მოკავშირეობას მიმართა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ. სახელმწიფომ თავისი არჩევანის გაკეთების შემდეგ მიმართა ქართული საზოგადოების ორიენტირების გადაკეთებასაც და საკმაოდ მცირე დროში უზრუნველყო ის, რომ „პრორუსულობა“ გახდა არაპრესტიჟული და შესავიწროებელი, ხოლო „პროამერიკულობა“ - პრესტიჟული და მისაბაძი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, გაამერიკელების იდეით აღტყინებულმა ქართველობამ ადვილად აუღო იმპორტირებულ ფასეულობებს ალღო და გაძევება დაუწყო როგორც პოსტსაბჭოურ შემოტანილ და ხელოვნურად დანერგილ ღირებულებებს, ასევე სამწუხაროდ ეროვნულ ფასეულობებსაც ე.წ. ამერიკულის სანაცვლოდ. ეს პროცესი არსებითად 2004 წლიდან აჩქარდა და მალევე საზოგადოებამ ისევე ადვილად იცვალა ფერი, რომ „საქართველოს“ ძახილიდან „გლობალიზაციის“ მოწოდებაზე გადავედით, „ეროვნულობის“ იდეას „ფობიობა“ დავარქვით, მორწმუნეობას - მოძალადეობა და ა.შ. ერთი სიტყვით, მრავალმა საზომმა თავის საწინააღმდეგო მაჩვენებელი მიიღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამგვარ პროცესებს ხელს უწყობდა საზოგადოებრივი თავდაცვის ხშირად ჩვენი არაადეკვატური გამოვლინებები, სათქმელ-საკრიტიკებელიც ადვილად უვარდებოდათ ხელში მსურველთ.
_ ამ პროცესის ბარიერად განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართულმა ეკლესიამ, რომელიც ამჯერადაც დიდ როლს ასრულებს პოლიტიკური კრიზისის დროს, როგორი ეფექტური იქნება გადატვირთის პროცესში მისი ჩართვა?
_ ქართულმა ეკლესიამ კარგად აუღო ალღო ამ ფასეულობათა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და ფართო პროპაგანდა გაშალა ამ „იმპორტირებული ფასეულობების“ შესაკავებლად. ეკლესიის ძალისხმევებისა და პოზიტიური იმიჯის წინააღმდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ მრავალ და კომპლექსურ ღონისძიებას მიმართა, დაწყებული ფსევდოსარწმუნოებრივი გაერთიანებებისათვის სივრცის მიცემით (მაგ. ე.წ. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ და მისი მსგავსი ტიპის დაჯგუფებები), გაგრძელებული ჯერ პირდაპირი წინააღმდეგობებით („თავისუფლების ინსტიტუტისა“ და სხვათა ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. ლიბერალური შეხედულებები ქრისტიანულის საწინააღმდეგოდ), შემდეგ კი ფსევდოთანადგომების მთელი კასკადი, განსაკუთრებით მატერიალურ ნაწილში, რასაც სამღვდელოების ნაწილის ერთი მხრივ „გაჩინოვნიკება“ (მეტაფორულად რომ ვთქვათ) მოჰყვა, ხოლო ნაწილის - „გაპოლიტიკოსება“. ასეთმა გამოვლინებებმა კი მათ წინააღმდეგ მბრძოლებლებს დამატებითი მიზეზები მისცა სათქმელადაც და საბრძოლველადაც. შეიძლება ითქვას, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ამერიკელებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც „ახალი ქართველის“ შექმნას ეკლესია ხელს უშლიდა, ეს „ახალი ქართველი“ კი უნდა ყოფილიყო ე.წ. მსოფლიო მოქალაქე, ეროვნული, სარწმუნოებრივი, კულტურული მახასიათებლებისგან გამოცლილი პრაგმატული ადამიანი.
ამერიკელების მიმართ იმედგაცრუების პირველი შტრიხები 2008 წელს გამოჩნდა ქართულ საზოგადოებაში, ამ დროისთვის ქართულ საზოგადოებას დიდი იმედები ჰქონდა რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ამერიკის შეერთებული შტატები დააბრუნებინებდა, ხოლო 2008 წელს კი საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსეთს ამერიკა დაახევინებდა უკან. ამგვარი „იმედები“ დიდი იმედგაცრუებით დასრულდა, თუმცა, საქართველოს ნაციონალურმა ხელისუფლებამ უკვე პარტნიორ შტატებთან ერთად ამ გარღვევას მომენტალურად დაადეს „სალბუნი“ ამერიკის პრეზიდენტის მყისიერი სიტყვითი და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად. პროცესი შეკავდა და ჩვეულ კალაპოტში ჩაჯდა. ამ მხრივ, გარკვეულწილად ზღვარზე დგება საკითხი დღესაც, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა განსხვავება საქართველოს საზოგადოების არჩევანსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს შორის, რაც ამჟამად სწორედ ამ ბზარის გარღვევის პროვოცირების შესაძლებლობებს ქმნის.
_ რა არის ამ ბზარის მიზეზი?
_ ამის თქმაც მხოლოდ ვარაუდების დონეზე შეიძლება, საგარეო პოლიტიკის შედეგი, ქართული საზოგადოების არჩევანის შედეგი თუ სულაც რუსულ-ამერიკული შეთანხმება გავლენის სფეროებს შორის მორიგი გადანაწილების შესახებ... ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო ისევ ხდება იმ ეტაპზე, როდესაც საგარეო ორიენტირების არჩევანი კვლავ გასაკეთებელი გახდება, ან ამჟამინდელი უნდა განმტკიცდეს ან პროცესი სავარაუდოდ, ისევ რუსეთის სასურველად შეტრიალდეს. რაც შეეხება საზოგადოებას, ის ამ დიდი პოლიტიკის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია, ასეა თუ ისე, პროცესი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე კომფორტულად ვერ განხორციელდება.
ალბათ ნებისმიერი, ვინც კი საშუალოდ მაინც იცნობს ამერიკის შეერთებულ შტატებისა და რუსეთის მოღვაწეობას თანამედროვე მსოფლიოში, ყველა მათგანი დამეთანხმება, რომ ორივე მათგანი საშიშროებაა მცირე ცივილური ერებისათვის და მათი იდენტობისათვის, რაც თვითგადარჩენის საზომში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მაშინ რა ფაქტორებმა შეიძლება მიიზიდოს ქართული საზოგადოება ან რამ განიზიდოს?
არის რაღაც, რაც მოგვწონს მრავალ ქართველს ე.წ. „ამერიკული“ ცხოვრების წესში, ეს არის თავისუფლების იდეა, რომელიც რუსეთთან ნამდვილად არ ასოცირებს ქართველს, აი, ამერიკის შემთხვევაში კი დამაჯერებლად მოჩანს. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისგან განსხვავებით ზეწოლის არაპირდაპირ მეთოდებზე აკეთებს აქცენტებს. არჩევანს თითქოსდა ჩვენს მხარეს ტოვებს, გადაწყვეტილების უფლებასაც და თითქოს ყოველთვის მზადაა უარი თქვას პარტნიორობაზე თუ კი ამის სურვილი გაგვიჩნდება, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მცირე ერებს არასდროს უტოვებდა გადაწყვეტილებისა და არჩევანის უფლებას. ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად უფრო კონსტრუქციულად მოჩანს ქვეყნებთან მიმართებაში, მის გვერდით სახელმწიფო ტოლფარდოვნად გრძნობს თავს - პარტნიორად, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც ყოველთვის თავის საგარეო პოლიტიკის წარმოებისას საქართველოს და ზოგადად მცირე ქვეყნებს პარტნიორობის ნაცვლად თავისზე დაქვემდებარებას აიძულებდა. პარალელების გავლა მრავალი შეიძლება და ძირითადი მათგანი რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად ვერ გამოჩნდება.
_ აქვს თუ არა არჩევანი საქართველოს და რამდენად კარგად აქვს გათავისებული ეს არჩევანი?
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს არჩევანი არა შესაძლებლობებს - არამედ საშიშროებებს შორის. თუმცა, ახლა ალბათ ძალიან ძნელი დასადგენია, რომელი საშიშროება უფრო დიდია, „რუსული“ თუ „ამერიკული“... ხოლო იმას, რასაც ქართული საზოგადოება თავად ვერ ადგენს ხოლმე, როგორც წესი ადგენენ თავად ის ქვეყნები, რომლებიც ამ გავლენის სივრცეებს ინაწილებენ ხოლმე.
უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე, მოდური იყო ფრაზა „უკან დაბრუნება“, ამჟამინდელი ჩვენი არჩევანიც ახლა უფრო „წინსვლის საშიშროებასა“ და „უკან დაბრუნების“ გაუგებარ საზომზეა აგებული.
მასალის გამოყენების პირობები






