დანაშაულთან ბრძოლა, პატიმრები და სამოქალაქო საზოგადოება
პოზიცია - 16:17, 02 Mar, 2013     1353
ხოლო მისი გამოსვლა მონოლოგი არ იქნებოდა, მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გრძელი, არაფრისმთქმელი მონოლოგი. თუმცა, რომ ვთქვა მთლად არაფრისმთქმელი, ალბათ შეცდომა იქნება, რადგან სააკაშვილმა მისთვის ჩვეული მანერით კვლავ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას. მის ინფორმაციას რუსეთიდან ღვინის მწარმოებლებათან შესახვედრად ჩამოსული დელეგაციისა და ქართული ბანკების რუსული ბანკების მიერ შესყიდავზე, კი უფრო საბოტაჟის სუნი სდიოდა.  

მაგრამ, მე მინდა ყურადღება მის ერთ ფრაზაზე გავამახვილო, რომელიც თავისი არაჰუმანურობით შემზარავი იყო, მაგრამ ზემოთ აღნიშნული არასწორი ინფორმაციების გამო მასზე ყურადღება ნაკლებად გამახვილდა. ამ ფრაზაზე კიდევ იმიტომ შევაჩერე ყურადღება, რომ იგი ციხეებს ეხებოდა. მე ბოლო წლების განმავლობაში აქტიური შეხება მქონდა ამ სისტემასთან, კერძოდ კი, მის ჯანდაცვის სფეროსთან, ამიტომაც მივეცი ჩემს თავს უფლება გარკვეული მოსაზრებები გამომეთქვა სააკაშვილის ფრაზასთან დაკავშირებით.

მაშ ასე, რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა. მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მართლაც ბევრი პატიმარია, დაახლოებით 27 000 მდე, მას მაინც შეცდომად მიაჩნია მათი რაოდენობის შემცირება და დაწყებული ამნისტია, რადგან - და აი აქ, მან წარმოთქვა “ფანტასტიური” ფრაზა - რადგან გამოშვებულ პატიმრებს ვერ დააკმაყოფილებენ სამუშაო ადგილებით და ვერც გადამზადების კურსებით და რა უნდა აკეთონ გარეთო. შესაბამისად, ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლებოდა - სჯობს იყო ციხეში, ვიდრე უმუშევარი გარეთო. აი, ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომელსაც თავი დემოკრატად მოაქვს, და რომელიც 9 წელი ამტკიცებდა რომ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე დააყენა.

ეს განცხადება, პატიმრების (უფრო სწორედ ადამიანების) ბედისადმი მისი ეს დამოკიდებულება და ზოგადად პატიმრების ასეთი დიდი რაოდენობა საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურება იყო სააკაშვილის იმ აზროვნებისა და მსოფლმხედველობისა, რომელმაც ასეთი უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს განვითარებაზე. იგი სრულიად გულგრილი იყო სიცოცხლის, ჯანმრთელობის თუ კერძო საკუთრების დაცვისადმი და ჩვენ, როგორც თავისუფალი პიროვნებები, არაფერს წარმოვადგენდით მისთვის. წინასწარ მინდა დავძინო, რომ ის რაზეც მე ვისაუბრებ სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მე წინააღმდეგი ვარ ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა, ან დამნაშავეების დასჯისა. არა, მე უბრალოდ მინდა ვიმსჯელოთ თუ რა საზღვრებში შეიძლება განხორციელდეს ეს ბრძოლა, ისე რომ ჩვენ ,როგორც საზოგადოებამ შევინარჩუნოთ ჩვენი სახე.

ნება მომეცით მოკლედ გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება.


უპირველეს ყოვლისა,მოდით ვნახოთ რა სურათი იყო 2002 წელს, სანამ “ვარდების რევოლუცია” მოხდებოდა. ახლა და შემდგომში მე მოვიყვან ციფრებს, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა დროს ლონდონში განთავსებული ციხეების შესწავლის საერთაშორისო ცენტრის მიერ (International Centre for Prison Studies). ეს ცენტრი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს სტატისტიკას მსოფლიოში პატიმრების რაოდენობის შესახებ.

მაშ ასე, 2002 წელს საქართველოში აღრიცხული იყო 7,343 პატიმარი, რაც მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოყენებული ინდიკატორის მიხედვით იყო 198 პატიმარი -100 000 მოსახლეზე. შედარებისათვის იმავე დროს ჩვენს მეზობელ სომხეთში იყო - 4,343 პატიმარი, ანუ 135 პატიმარი - 100 000 მოსახლეზე, აზერბაიჯანში კი 17,795, ანუ 217 -100 000. აქვე მოვიყვან კიდევ ორი ქვეყნის მონაცემს: უკრაინა (რამეთუ იქაც მალე მოხდა “ნარინჯისფერი რევოლუცია”) და ბელორუსია. ურკაინაში იმ დროს აღირცხული იყო 198 585 პატიმარი, ანუ 415 -1000 00 ზე, ხოლო ბელორუსიაში 55 156 პატიმარი, ანუ 554 – 100 000ზე.

და აი, საქართველოს სათავეში მოვიდა დასავლეთში განათლება მიღებული, დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი სააკაშვილი და ალბათ ყველას გვახსოვს მისი გადაწყვეტილება, ბრძოლა დანაშაულთან და ყბადაღებული “ნულოვანი ტოლერანტობა”. სწორედ მაშინ მოხდა საზარელი მკვლელობები, რომელიც დამნაშავეებთან ბრძოლით იქნა გამართლებული და ჩვენც ბევრი ისეთი სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ გავიგეთ, რომლის ახსნაც ცოტა ძნელია. ახალაგზრდებს აპატიმრებდნენ და დიდი ხნით უშვებდნენ ციხეებში, მობილური ტელეფონისა თუ ერთი ბოთლი ლუდის მოპარვისთვის. სასამართლოებს არ გამოჰქონდათ არანაირი გამამართელებლი განაჩენი და ცუდ ტონადაც კი ითვლებოდა, თუკი სასჯელი მცირე ხანგრძლივობის იყო.

მე იურისტი არ ვარ და ამიტომაც არ შევუდეგები იმის გარჩევას, რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილებები. მაგრამ, ჩემთვის ერთი რამ აშკარა იყო, სააკაშვილი და მისი რეჟიმი იბრძოდა ჩვენი დეპერსონიზაციისთვის, მისი მიზანი იყო ჩვენში მოეკლა აღქმა იმისა, რომ ჩვენ ყველანი პიროვნებები ვართ, ჩვენი ისტორიითა და ცხოვრებით. საქმე მარტო იმაში კი არ იყო, რომ მოსამართლეები არ იღებდნენ მხედველობაში არანაირ სოციალურ წინაპირობას, მაგალითად, ეს ახალგაზრდა ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მან საჭმელი ან სასმელი იმიტომ მოიპარა, რომ უჭირდა და შესაბამისად შეეძლო ცოტა რბილი განაჩენი გამოეტანათ. ან ის, რომ მოზარდი ძალზედ პატარი იყო, იმისათვის რომ ასეთი დიდი ხნით მოეთავსებინათ ციხეში. არა, უბრალოდ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც მოსამართელეები თუ კანონ დამცველები, მსჯავრდებულს არ აღიქვამდნენ როგორც პიროვნებას. იყო რაღაც “დანაშაულებების ცხრილი”-ს მსგავსი და დანაშაულის სიმძიმე ფასდებოდა ამ ცხრილის მიხედვით. ადამიანის ცხოვრება, მთელი მისი ბიოგრაფია ერთ წუთში დაყვანილი იყო იქამდე, რომ ის არის დამნაშავე და სხვა რამ უკვე საინტერესო აღარ იყო. ამიტომაც ავღნიშნე ზემოთ, სააკაშვილი იბრძოდა ჩვენი, როგორც პერსნონის, პიროვნების დაკნინებისა და განადგურებისათვის.

მოსახლეობასა და მოსამართლეებს შორის აღიმართა უდიდესი კედელი. მოსამართლეებმა უბრალოდ დაივიწყეს, რომ მათ წინაშე იყო ადამიანი იგივე თვისებებით თუ ქცევებით, რაც მათ მეგობარებსა და ახლობელებსაც ახასიათებდა. ავტორიტარულ სტრუქტურებში ასეთი კედლის აღმართვა დამყარებულია ბრძანებებზე. ნულოვანი ტოლერანტობა და დანაშაულთან ბრძოლა, იყო ასეთი ბრძანება. მოსამართლეს შეიძლება ესმოდა, რა იყო ამა თუ იმ დანაშაულის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ იყო ბრძანება და ის მას უნდა დამორჩილებოდა. ასეთი სისტემით სააკაშვილს გაუჩნდა უფრო მეტი საშუალება, რომ ეკონტროლებია სიტუაცია. დემოკრატიის მაგივრად ნელ-ნელა იკვეთებოდა ავტოკრატული სისტემის ჩამოყალიბება.

ვნახოთ ახლა რა სიტუაცია იყო უკვე ასეთი ღონისძიებების გატარების შემდეგ, 2008 წელში. დანაშაულთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობდა და საქართველოში ამ მომენტში აღირიცხებოდა უკვე 18 170 მსჯავრდებული, რაც იყო 415 პატიმარი - 100 000 მოსახლეზე. პირველად ამ პერიოდში, საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებიც ცალკე არიან გამოყოფილნი, როგორც ლიდერები ამ მაჩვენებლის მიხედვით. პირველი იყო აშშ 756 -100 000, შემდეგ რუსეთი (629), რუანდა (604), ბელორუსია იყო მეცხრე (468), ხოლო საქართველო უკვე “საპატიო” მე-12 ადგილს იკავებდა.

ამავე დროს, უკრაინაში პატიმართა რაოდენობა 2002 წელთან შედარებით შემცირდა დაახლოებით 50 000 ადამიანით (149 690) და თვით ბელორუსიაშიც, რომელიც გვისწრებდა 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით ის შემცირდა დაახლოებით 10 000-ით და გახდა 45 416.

სააკაშვილის და მისი სამართლის წარმატებულმა მუშაობამ თავისი შედეგი მალე გამოიღო და უკვე 2010 წელს ჩვენ საპატიო მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით. პირველი ისევ აშშ იყო - 743 , შემდეგ რუანდა (595), რუსეთი (568) და საქართველო (547). სააკაშვილისათვის ასეთი საყვარელი სიტუაცია, რომ ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში შევდიოდით დადგა. სამწუხაროდ იგი პატიმრების რაოდენობას ეხებოდა.

იმ დროისათვის საქართველოში უკვე რეგისტრირებული იყო 23 995(547-100 000) პატიმარი. იმავე პერიოდში, 2008-2010 წლებში ბელორუსიაში პატიმრების რიცხვი ისევ შემცირდა და იგი უკვე 36 533 იყო (381 -100 000).

მაშ ასე, მაშინ როცა ლუკაშენკოს ბელორუსიაშიც კი პაიმრების რაოდენობა მცირდებოდა, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ ამაყად მიმავალ სააკაშვილს პატიმრების რაოდენობის მკვეთრი ზრდა უმშვენებდა მხარს. პრეზიდენტს უხაროდა და თავს იწონებდა, რომ მის დროს იქამდე არნახული აღმშენებლობა მიმდინარეობდა.

სწორედ აქ მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი. ზოგადად ჩრდილოეთის ქვეყნები: ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი გამოირჩევა მათში პატიმრების ძალზედ მცირე რიცხვით. მაგალითად, 2010 წელს ნორვეგიაში იყო 69 პატიმარი 100 000 კაცზე, ხოლო შვედეთში 74. ამავე დროს მე-20 საუკუნის დასაწყისში, თითქმის 50-იან წლებამდე, რატომღაც მათი მეზობელი ფინეთი ძალზედ გამოირჩევოდა მათაგნ იქ პატიმრების რაოდენობა ბევრჯერ აღემატებოდა მეზობელი ქვეყნებისას. იყო პერიოდი, როდესაც ფინეთში 100 000 კკაცზე 200 -250 პატიმარი მოდიოდა. შემდეგ კი მოხდა გარდატეხა და…2010 წელს ფინეთში უკვე 64 პატიმარი იყო რეგისტრირებული 100 000 მოსახლეზე. როგორ მოხდა ეს?

აი, სწორედ ამაზე მინდოდა შემეჩერებინა თქვენი ყურადღება. ცნობილი მეცნიერის პატრიკ ტორნუდის მიხედვით - ფინეთში რაღაც პერიოდში დადგა მომენტი, როდესაც მთავრობამ გააცნობიერა, რომ პატიმრების რაოდენობა ძალზედ დიდი იყო და ეს არ იყო გამოწვეული ამ ქვეყნის მოსახლეობის დანაშაულისადმი მიდრეკილებით. მთავრობა იმასაც მიხვდა, რომ პატიმრების დიდი რაოდენობა არ იყო სიამაყის საგანი და იმის დადასტურება, რომ ქვეყანა წარმატებულად ებრძოდა დანაშაულს. რა მოიმოქმედა ფინეთმა? ციფრების და სიტუაციის გაანალიზებით ქვეყნის წამყვანმა ექსპერტებმა დაარწმუნეს მთავრობა, რომ პატიმრების ასეთი დიდი რაოდენობა იყო ქვეყნის სირცხვილი, ვიმეორებ, სირცხვილი. მთავრობამ მიღო გადაწყვეტილება, გადაესინჯა თავისი პოლიტიკა და მოსახლეობაც გვერდში დაუდგა მას.

რატომ უნდა ჩაეთვალათ ფინელებს, რომ მათ მეზობლებთან შედარებით ბევრი პატიმარი ჰყავდათ, როცა მაგალითისათის მათ ერთ ერთ მეზობელს, რუსეთს, იმ დროს ასობით ათასი პატიმარი ჰყავდა. სწორედ ეს აწუხებდა და არ უნდოდა ფინეთს, არ უნდა, რომ იგი რუსეთისთვის შეედარებინათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ფინეთი რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსეთის ნაწილი იყო და ახლაც პეტერბურგიდან ჰელსინკში სულ რამოდენიმე საათში შეგიძლია ჩახვიდე მატარებლით. ამიტომაც, ფინეთი ყოველთვის ეძებდა გზას დასავლეთისკენ, ევროპული ღირებულებებისკენ, რომ თავი დაეღწია “დიდი მეზობლის” გავლენისგან. პატიმრების რაოდენობის შემცირებაც სწორედ აქეთკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო.

ამ მაგალითით გასაგები ხდება, რომ პატიმრების რაოდენობით ქვეყანა გამოხატავს თუ რა ფასეულობებზე დამყარებულ საზოგადოებას აშენებს იგი- დასავლურს თუ რუსეთის მსგავსს. როგორც ზემოთ მოტანილი ციფრები აჩვენებს მაშინ, როდესაც ბელორუსიაშიც კი პატიმრების რაოდენობა მცირდებოდა, საქართველო დიდი სისწრაფით მიექანებოდა მსოფლიო ლიდერობისაკენ პატიმრების რაოდენობით. მიუხედავად დეკლარირებული დასავლური ორიენტაციის და ფასეულობებისა, რეალურად საპირისპირო ტენდენციასთან გვქონდა საქმე. სააკაშვილს აშკარად რუსული და სხვა ავტორიტარული ქვეყნების სტილი მოსწონდა, სადაც პატიმრების რაოდენობა დიდი ციფრებს აღწევდა. ზოგიერთმა შეიძლება აქ გამაკრიტიკოს და ამერიკის მაგალითი მოიყვანოს, რომელიც პატიმრების რაოდენობის მიხედვით პირველია მსოფლიოში. განმარტოს, რომ პატიმრების ასეთი რაოდენობა არ უშლის ხელს ამერიკა დემოკრატიულ ქვეყანად ჩაითვალოს და მსჯელობა იმაზე, რომ საქართველო რუსეთის მხარეს იხრებოდა, შეცდომაა. დამიჯერეთ, ამერიკის ეს მაჩვენებელი ყველასათვის კრიტიკის საგანია და არც ამერიკელები არიან ამით კმაყოფილი, ამიტომ მათი მაგალითის მოყვანა აქ უადგილოა.


სააკაშვილის მიერ დანერგილი სისტემა გულისხმობდა რაღაც ‘გულაგი”-ს მსგავსის ჩამოყალიბებას. მიზანი იყო საზოგადოებისგან “პოტენციური” დამნაშავეების ჩამოცილება. განსხვავება სტალინის დროინდელი გულაგისგან ის იყო ,რომ “ეს გულაგი” ამ პოტენციური დამნაშავეების სიკვდილს არ გულისხმობდა, თუმცა მათი თავისუფლების კარგა ხნით აღკვეთას და მათი როგორც პიროვნებების განადგურებას ემსახურებოდა. ყველას გვახსოვს რამდენი შემთხვევა იყო, როდესაც სრულიად ახალგაზრდებს დიდი ხნით უშვებდნენ ციხეებში. მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლებოდა და არ იყო გამორიცხული ბევრს მათგანში უიმედობაც კი ჩასახულიყო. შარშან გამოვლენილმა ციხეების წამების ფაქტებმა, კი საბოლოოდ დამტკიცეს, რომ სააკაშვილის’გულაგის” სისტემის ამოცანა იყო ადამიანში პიროვნების ჩაკვლა.

აშკარაა, რომ სააკაშვილი დანაშაულთან ბრძოლას იყენებდა როგორც ძალის დემონსტრაციას, ხალხის დაშინების და მისი ერთპიროვნული მმართველობის განმტკიცების საშუალებად. სააკაშვილის ყბადაღებული დანაშაულთან ბრძოლა, მეტად ნათელი მაგალითია იმ საშიშროებისა, რომლის შესახებაც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კრიმინოლოგი, რომელსაც პატივი მაქვს ვიცნობდე, ნორვეგიელი პროფესორი ნილს კრისტი საუბრობდა - “თანამედროვე საზოგადოებაში დანაშაულის მთავარი საშიშროება არა თვით ამ დანაშაულშია, არამედ იმაში რომ მასთან ბრძოლაში ქვეყანა შეიძლება ტოტალიტარული განვითარების გზას დაადგეს”.


როდესაც ამ სამშაბათს, სააკაშვილმა საზოგადოებას შესთავაზა, რომ უმუშევრობის შიშის გამო, სჯობდა ხალხის ისევ ციხეებში დატოვება, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რასაც ცდილობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. შემოეტანა და დაემკვიდრებია ისეთი ფასეულობები, როდესაც პიროვნება არაფრად არის მიჩნეული. თეორიულად ნებისმიერე ქმედება, შეიძლება შეფასებული იქნეს როგორც არასასურველი და შეფასდეს როგორც დანაშაული. შესაბამისად დასჯის ხარისხი და საშუალებები, როგორც სარკე ისე ასახავს იმ ფასეულობებს, რომელიც საზოგადოებაშია გამეფებული, ხალხი ნელ-ნელა გულგრილი ხდებოდა სხვისი ბედისადმი. სააკაშვილის მიერ წამოყენებული ნულოვანი ტოლერანტობა პიროვნების, მისი სიცოცხლის თუ თავისუფლების ყოველგავრ ნიველირებას გულისხმობდა. ამიტომ, დადგა კიდეც დრო, როდესაც ჩვენ ჩვენ თავს ვკითხეთ, გვინდა კი ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც ჩვენ ,როგორც პიროვნებას არაფრად გვაგდებს და რომელიც ასეთ ფასეულობებს გვთავაზობს?

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ახალი მთავრობამ დაინახა ეს პრობლემები და მის მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, სწორედ პატიმართა რაოდენობის შემცირებას და მათი პირობების გაუმჯობესებას შეეხებოდა. ეს უკვე პოზიტიური ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ ადამიანის თავისუფლების, როგორც მთავარი ღირებულების განცდას. სახელმწიფო უფრო ჰუმანური ხდება და ის აცნობიერებს, რომ პატიმრების დიდი რაოდენობა უქმნის საშიშროებას ადამიანური ფასეულობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნორმალური განვითარებას. ეს კი ჩემი აზრით მეტად მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია. შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, უნდა იყოს იმაზე ფიქრი, თუ რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს ციხეებს - იყოს ის როგორც დასჯის თუ ადამიანის რეაბილიტაციისა და გარდაქმნის ადგილი, რაც მას საშუალებას მისცემს ისევ ეცადოს გამოიყენოს თავისი შანსი ცხოვრებაში. როდესაც საუბარი ადამიანის ბედზეა, ალბათ ღირს და აუცილებელიც არის ამაზე დაფიქრება.

ზაზა წერეთელი
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42