„ლონდონის პოლიციის დასკვნით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრე ლიტვინენკო ანდრეი ლუგობმა და დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს, სასამართლოს კი იმის დასკვნის გამოტანის უფლება დაუტოვეს, იდგა თუ არა ამის უკან რუსეთის ხელისუფლება“ - წერს „რია ნოვოსტი“
„მიგვაჩნია, რომ ლუგოვმა და კოვტუნმა ლიტვინენკო პოლონიუმ-210-ით 2006 წლის 16 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს მოწამლეს. თქვენი გადასაწყვეტია, არის თუ არა ეს დანაშაული რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებული“ - განაცხადა ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენელმა ადვოკატმა რიჩარდ ჰორველმა სასამართლოს საჯარო მოსმენაზე.
მისივე თქმით, პოლონიუმმა ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ორგანოების გზით შეაღწია.
ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. მოგვიანებით მისმა განცხადებამ - მოსკოვისა და რიაზანის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების უკან ФСБ დგასო, რუსეთი შოკში ჩააგდო. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს". ლიტვინენკო წერდა, რომ ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში პუტინს ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ყოფილ კოლეგებს, ანდრეი ლუგობსა და დიმიტრი კოოვტუნომს შეხვდა და სასტუმროს რესტორანში ჩაი დალია.
ლიტვინენკოს ოჯახის წევრები და მეგობრები მის მკვლელობის ორგანიზებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






