ე.წ. „კორტების“ სპეცოპერაციის საქმეზე, დღეს, პროკურატურის მოწმეები, ამავე საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები, კერძოდ, სოსო ჩაკვეტაია და დავით ალელიშვილი დაიკითხნენ. როგორც გასული, ასევე დღევანდელი სასამართლო პროცესებიდან დადგინდა, რომ პროკურატურის მოწმე სპეცრაზმელები გიორგი ცააძის მიერ საკონტროლო გასროლებს არ ადასტურებენ.
მიმდინარე სასამართლო სხდომებიდან დადგინდა - შვიდივე სპეცრაზმელის ჩვენება იდენტურია. ყველა მათგანი აცხადებს, სპეცოპერაციის დილით ისინი ინფორმირებული იყვნენ, რომ დასაკავებელი იყო სამი ან ოთხი პირისგან შემდგარი შეარაღებული ყაჩაღური დაჯგუფება და რომ ღონისძიება ტარდებოდა მათი დაკავების მიზნით. შვიდივე სპეცრაზმელი აცხადებს, რომ ყველა მათგანი დასაკავებელ ავტომობილს ესროდნენ საბურავების მიმართულებით. თუმცა ისინი იმასაც ამბობენ, რომ ავტომანქანაში მყოფი პირები საფრთხეს წარმოადგენდნენ. აგრეთვე, დაკითხული სპეცრაზმელების ჩვენებიდან დგინდება, ავტომანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომ პირს გადმოყვანისას ცეცხლსასროლი იარაღი დაუვარდა. ამასთანავე დაკითხული სპეცრაზმელების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ არ ჰქონიათ ბრძანება პირთა ლიკვიდაციის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






