ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ე.წ. მატროსოვის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
როგორც დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, მას გლდანის ციხეში მყოფი პატიმრები შეურაცხყოფას აყენებენ.
„მას შემდეგ რაც გლდანის ციხეში გადამიყვანეს, მეორე დღეს ადვოკატი იყო შემოსული, იძულებული გახდნენ, რომ გამოვეყვანე ეზოში. პატიმრის კორპუსი უნდა გამევლო. 1000-მდე კაცმა „მომიკითხა“ ოჯახის წევრები და ყველა კეთილის მსურველი. ხმა არ გამიცია, იმიტომ რომ ვიცი, რა შედეგები მოყვებოდა ამას. უკან დავბრუნდი, კეპი უნდა დამეხურა, უკან გზაზეც იგივე მოხდა. წუხელ კი ღამის 4 საათზე გამაღვიძეს, სასამართლოში უნდა წავიდეთო. საათი გეშლებათ-თქო, ვუთხარი. ჩაალაგე ნივთები, არ გვეშლებაო. ისევ იმ ავადსახსენებელ ოთახში ველოდებოდი ბადრაგს. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 დღე არ მიჭამია, არ მძინებია, მაინც მოვედი. იმისთვის არ ვემსახურე 18 წელი საქართველოს, რომ ყველა გასვლა-გამოსვლაზე შეურაცხყოფა მომაყენონ“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ და თხოვნით მიმართა სასამართლოს, რომ უშუამდგომლონ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რათა გლდანის ციხიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნონ.
ირაკლი ფირცხალავა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






