რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა. ამის შესახებ, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.
მისი თქმით, დოქტრინაში ცვლილებები მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებებმა გამოიწვია. დოქტრინაში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ატლანტიკური და არქტიკული მიმართულებით.
როგოზინმა დოქტრინის ძირითადი მიმართულებები შემდეგნაირად ახსნა :
" ატლანტიკური, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალიან აქტიური განვითარება და მისი ჩვენს ნაპირებთან მოახლოება მიმდინარეობს, რაზეც, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაცია პოულობს თავის პასუხს. მეორე ფაქტორი, კი ყირიმისა და სევასტოპოლის შემოერთებას უკავშირდება. რაც შეეხება არქტიკას, იზრდება ჩრდილოეთის ზღვის მნიშვნელობა, მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ ატომურ ყინულმჭრელთა ფლოტს ვაშენებთ. 2017, 2019 და 2020 წლებში სამი ახალი ატომური ყინულმჭრელი შეუდგება მუშაობას. გარდა ამისა, არქტიკა ჩვენთვის არის თავისუფალი გასასვლელი ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეებში"- განაცხადა როგოზინმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, დოქტრინაში პირველად არის შესული სოციალური ხასიათის საკითხები - საზღვაო მედიცინა, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებადა სხვა.
დოქტრინის ახალ რედაქციაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, ასახულია რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ნატოს გეგმებისადმი, რაც ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებამდე მიახლოებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






