ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ დანაშაულში არამხოლოდ პოლიციელი, არამედ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაშვილია გარეული. ისინი პროკურატურას აღლემაშვილზე თავდასხმისა და შემდეგ მკვლელობის საქმეების გაერთიანებას სთხოვენ. იმ ადამიანს კი, ვინც გამოძიებას ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის, აღლემაშვილები 10 ათას ლარიან ჯილდოს აწესებენ.
მკვლელობის დღეს 32 წლის კობა აღლემაშვილს ქორწინების 10 წლისთავი უნდა აღენიშნა, ამიტომ იმ დღეს სამსახურიდან ჩვეულზე ადრე გამოვიდა. სადარბაზოში, რომელშიც კობა შევიდა წივილ-კივილი საღამოს 7 საათისთვის ატყდა. ხმაურზე სახლიდან აღლემაშვილის მეუღლე ნანა წერედიანი გამოვიდა და კიბეზე დაეშვა.
ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. კობა აღლემაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოჯახი გაოგნებული იყო, რადგან მკვლელობამდე 5 თვით ადრე, კობას იმავე სადარბაზოში, დროის თითქმის იმავე მონაკვეთში, ზუსტად იმ მეთოდით გაუსწორდნენ როგორც მკვლელობისას.
პირველი თავდასხმისას კობა აღლემაშვილს საფულეში 1200 ლარი ედო, ხელზე კი ძვირფასი საათი ეკეთა. ნივთები ადგილზე იყო, შესაბამისად ოჯახმა ძარცვა გამორიცხა. ვაზისუბნის პოლიციამ საქმე სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა.
საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლაზე არავის უფიქრია. ნაკლებად მძიმე დანაშაულის მიმართ პოლიციის დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო.
პირველი შემთხვევისგან განსხვავებით მკვლელობას პოლიცია სათანადო ოპერატიულობით მოეკიდა. რამდენიმე საათში მათ გარდაცვლილის ოჯახს საქმის გახსნის თაობაზე შეატყობინეს.
ოჯახის ინფორმაციით პოლიციამ მაშინ საკუთარი უწყების ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ჩამდენი პირი არ იყო დადგენილი.
ოჯახის ეჭვები იმის თაობაზე, რომ შესაძლო დამნაშავე პოლიციელს მფარველები გამოუჩნდნენ, ერთმა გარემოებამ გაამძაფრა. გარდაცვლილის მამას თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა შეატყობინეს.
მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივად გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვიანობას ასახელებენ. საქმეში ფიგურირებს სატელეფონო მიმოწერა, რომელსაც კობა აღლემაშვილი პოლიციელის მეუღლესთან აწარმოებდა.
ოჯახის წევრებს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება აეჭვებთ. იმ დღეებში, როდესაც კობა აღლემაშვილზე თავდასხმები განხორციელდა, პატრულის თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პირველად ის შვებულებაში იმყოფებოდა, მეორედ კი ეზოში ვარჯიშობდა.
გამოძიების ვერსიით, პოლიციელებმა ეჭვმიტანილის ბინიდან ვერც მისი სამოსის ამოღება შეძლეს.
იმ მოტივით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმეებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






