მოსამართლემ დააკმაყოფილა გიორგი კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ 12 და 19 ნოემბერს გიორგი კალანდაძის მიმართ გამოტანილი ბრალის დადგენილება წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, გაბაიძე ასაბუთებდა, რომ კალანდაძეს არ ჰქონდა იმ დროისთვის გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე სამსახურერივი უფლებამოსილება შეჩერებული, იგი არის გენერალ-მაიორი და მისთვის ბრალი უნდა წაეყენებინა იუსტიციის მინისტრს, რაც ასე არ მომხდარა.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ დღეს გაუქმდა და დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ბრალის წარდგენის შემდეგ წარმოებული დაკითხვის ოქმი, ასევე, პროკურატურის მოთხოვნა კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება 10 ათასი ლარის ოდენობით: გირაოს თანხა კალანდაძეს უკან დაუბრუნდება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალის წარდგენის დროს გიორგი კალანდაძე იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, მას ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება, ამიტომ მისთვის ბრალი იუსტიციის მინისტრს უნდა წაეყენებინა. ის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ოფიციალურად ჩაითვალა 5 დეკემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი სასამართლოს გადაწყვეტილებას კალანდაძისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე.
ამასთან, გუშინდელ პროცესზე კალანდაძე აცხადებდა, რომ ის თანამდებობრივ სარგოს იღებდა 5 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, კალანდაძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილება ძალაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კალანდაძეს ბრალი სამჯერ სხვადასხვა ეპიზოდზე ერთიდაიმავე მუხლით, წაუყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






