ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა რიგითი სპეცრაზმელის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავა და კახა ნაკანი მას ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ.
იასონ მელაძემ ხელმძღვანელების საწინააღმდეგო ჩვენება დღევანდელ პროცესზე მისცა.
მან დეტალურად გაიხსენა სპეცოპერაციის დღეს და აღნიშნა, რომ ცეცხლის გაცემის ბრძანება ფირცხალავამ გასცა.
„2012 წელს ფირცხალავა და ნაკანი მთხოვდნენ ცრუ ჩვენება მიმეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით მემუქრებოდნენ. უნდა მეთქვა, რომ ფირცხალავამ არა ცეცხლის გახსნის ბრძანება, არამედ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში მსხდომების დაკავების ბრძანება გასცა“, - აღნიშნა მელაძემ.
ამის შემდეგ პროკურორი დაინტერესდა, რა ფორიმით გასცა ფირცხალავამ გრძანება. "ესროლეთ, მაგის დედას..." - უპასუხა მოწმემ.
მისივე ინფორმაციით, ავტომობილიდან სროლის ხმა არ გაუგია.
შეგახსენებთ, ერთი თვის წინ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები ერთ საკანში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ მოხდა მათი ერთ საკანში მოთავსება, ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე ბრალდებული კახა ნაკანის ადვოკატი კახა შონია ეჭვობდა, რომ 7 სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსება მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც შონია ამბობდა, ყოფილი სპეცრაზმელები ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ნაკანი დაკავებიდან დღემდე სამარტოო საკანშია მოთავსებული.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე კი - ცალკე. სწორედ ერთ-ერთი რიგითი სპეცრაზმელი იყო მელაძე.
მასალის გამოყენების პირობები






