ოჯახის ადვოკატი რომეო საჯაია „ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტიზის სკანდალურ დასკვნაზე საუბრობს.
მისი თქმით, დასკვნის მიხედვით არსებობს ვარაუდი, რომ აფხაზეთის სუს–ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი მოკლეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით შენობა ააფეთქეს.
„დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალება გამოწვეულია ბლაგვი, მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებით. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ აფეთქების შედეგაც დაცემულმა ე.წ. სინკარმა გამოიწვია მისი სიკვდილი. ეს უკანასკნელი არის გამოძიების ვერსია. თუ მას სამშენებლო ფილა დაეცა, რომელიც დაახლოებით 2 ტონას იწონის, მას სახის არეში უნდა ჰქონდეს მოტეხილობები, რაც მას არ აღენიშნებოდა. მას აქვს დაზიანება მხოლოდ თავის არეში, ესეც ბლაგვი საგნით არის მიყენებული. მას თუ თავში ბეტონის ფილა დაეცემოდა, თავის არეში უნდა ყოფილიყო ფილის ნამსხვრევები, რაც ექსპერტიზის მიერ ნაპოვნი არ არის. ასევე არც ფილაზე არ არის სისხლის კვალი აღმოჩენილი. ეს ცალსახად გამორიცხავს იმას, რომ ეს ადამიანი ფილის დაცემის შედეგად გარდაიცვალა“, - ამბობს საჯაია.

ადვოკატი კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც გამოძიებამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა აღმოჩნდა, რომ ლაგვილავას პირადი ნივთები ადგილზე არ იყო.
„გამოძიება გვიმალავს ფოტოსურათებს, სადაც გვამის გარეგანი დათვალიერებაა აღბეჭდილი. გამოძიების ვერსიით, ლაგვილავა შემთხვევის მომენტში დივანზე იყო წამოწოლილი და მას დაეცა ბეტონის ფილა. ეს ხომ უნდა ყოფილიყო გადაღებული. ამ ფოტოს არ აჩვენებენ ოჯახს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის ნივთებია დაკარგული - სეიფი, ტელეფონი, იარაღი, კომპიუტერები.. შემთხვევა რომ მოხდა გამოძიებამ დაათვალიერა შენობა და იქ არაფერი არ იყო. რატომღაც 5 თვის მერე მიიტანა ნივთები ლაგვილავას თანამშრომელმა პოლიციაში. ალბათ რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ კომპიუტერში. სეიფი, რომ ვერ გახსნეს მთლიანად წაუღიათ. ტექნიკურის საშუალება რომელსაც რამე ინფორმაცია შეიძლებოდა შეენახა დაიკარგა“, - ამბობს საჯაია.

მისი თქმით, აფეთქებაც წინასწარ იყო დადგმული. როგორც ადვოკატი განმრტავს, წყლის ავზი ნამდვილად აფეთქდა, თუმცა ამას შეგნებულად შეუწყეს ხელი.
„ის, რომ იქ ტროტილი არ არის, არ ნიშნავს რომ აფეთქება ხელოვნურად არ იყო მოწყობილი. ჩვენი ვერსიით, ეს წყლის ავზი ნამდვილად აფეთქდა, უბრალოდ ამას ხელი შეუწყეს. იცოდნენ, რომ გამომრთველი იყო გაფუჭებული. ხელოსანმა თქვა, რომ თუ ნახევარი საათი ჩართული იქნებოდა, აფეთქდებოდა. ვარაუდობთ, რომ ეს ადამიანი აფეთქებამდე იქნა მოკლული და თავის ოთახში იქნა ჩასვენებული. შემდეგ წყლის ავზი წყლისგან გამოათავისუფლეს და ჩართეს ისე, რომ წყალი არ იყო შიგნით, რამაც გამოიწვია აფეთქება“, - ამბობს საჯაია.
ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში აფეთქება გასული წლის ოქტომბერში მოხდა. აფეთქების დროს თავის კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, 32 წლის ზვიად ლაგვილავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






