NASA-მ დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ, სამეცნიერო მისიების ადმინისტრატორის თანაშემწე, ჯონ გრინსფელდმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალი ექსოპლანეტის აღმოჩენის შესახებ, რომელიც, შეიძლება ვთქვათ, დედამიწის ახლო ნათესავია. ეს არის დედამიწა 2.0" - განაცხადა გრინსფელდმა.
პროექტ Kepler -ის მონაცემთა ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელის ჯონ ჯენკინსის თქმით, პლანეტა სახელწოდებით Kepler 452b დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია, ხოლო ვარსკვლავი, რომლის გარშემოც პლანეტა ბრუნავს, მზის მსგავსია, წელიწადიც პლანეტაზე თითქმის დედამიწის წელიწადს უტოლდება. Kepler 452b დაახლოებთ ექვსი მილიარდი წლისაა, რაც მზის ასაკს მილიარდნახევარი წლით აღემატება.
ჯენკინსის თქმით, პლანეტის ზომა და ვარსკვლავისგან მისი დაშორება იძლევა იმის საფუძველს, რომ მასზე შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. მისი თქმით, პლანეტა მილიარდობით წლის მანძილზე ე. წ. „სიცოცხლის ზონაში" იმყოფებოდა. რაც იმას ნიშნავს მასზე მოცემულ მომენტში, ან წარსულში სიცოცხლე არსებობდა.
კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის მეშვეობით ექსოპლანეტებზე დაკვირვება 2009 წლიდან მიმდინარეობს. ჯენკინსის ვარაუდით, გალაქტიკაში Kepler 452b ტიპის კიდევ მრავალი პლანეტა უნდა არსებობდეს.
ხატია ლაღიძე

მასალის გამოყენების პირობები






