ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.
ექსპერტის განმარტებით, ჟურნალისტებისთვის ან ნებისმიერი მოქალაქისთვის გადაადგილებისა და ინფორმაციის მოპოვება-გავრცელების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი და დაცული უნდა იყოს კონსტიტუციური პროცედურები.
„ეს პროცედურები არსის შემდეგი: იმ ტერიტორიაზე გამოცხადებული უნდა იყოს და/ან მოქმედებდეს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და გამოცემული იყოს პრეზიდენტის დეკრეტი აღნიშნული უფლებების შეზღუდვის შესახებ. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ უფლებაშემზღუდველ დეკრეტს შემდგომ სჭირდება პარლამენტის დამტკიცება. ამ შემთხვევაში ხურვალეთში ან წითელ უბანზე არ ვიცი მოქმედებს თუ არა საგანგებო მდგომარეობა. სავარაუდოთ, არც ორჭოსანთან და არც ხურვალეთთან არ უნდა მოქმედებდეს საგანგებო მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში გუშინ გადაადგილების პრობლემა არ იყო. თან თქვეს, რომ ადგილობრივებისთვის გადაადგილება პრობლემა არ არისო. ამ დროს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ვინმესთვის რაიმე შეღავათს არ ითვალისწინებს“ - აცხადებს ალაფიშვილი.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, არც წითელუბნის და არც ხურვალეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის.
„პოლიციის შესახებ კანონში წერია, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში ადგილობრივ კრიმინალურ სამსახურს უფლება აქვს დროებით, სანამ პრობლემა არ განიმუხტება, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ყველა პირს შეუზღუდონ გადაადგილება“ , - განაცხადა ენუქიძემ.
სამართლადამცავებმა დღეს ჟურნალისტებს ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები






