პროექტის „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიასა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე-მაშველთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განხორციელდა. 15 ივლისს პროექტის შემაჯამებელი იმიტირებული სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოხდა.
ნაჩვენები იყო მდინარე აჭარისწყალის მარცხენა სანაპიროზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მდინარის კალაპოტში ჩავარდნილი ავტომობილიდან 2 მგზავრის ამოყვანა. ამ სამაშველო ოპერაციაში, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოხალისე-მაშველებიც იყვნენ ჩართულები.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული მხარეებისთვის გამოცდილების გაზიარება კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში, საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამოვლენა.
ღონისძიებას, კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ჩართული, სომხეთიდან ჩამოსული წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






