_ ბატონო ვალერი, თქვენს მობილურ ტელეფონზე ავტომოპასუხე გქონდათ დაყენებული, რომ ,,ეფ-ეს-ბე"-ს პატრონაჟის ქვეშ ხართ, ისევ ასეა?
_ უკვე აღარ. აქაურმა მეგობარმა დამიყენა და მომეწონა, მერე შეასრულა თავის სახუმარო ფუნქცია და მოვხსენი.
_ თქვენ მოსკოვში იმყოფებით ახლა. კონკრეტულად თქვენი სამუშაო სფერო რას მოიცავს?
_ ამჟამად კერძო საქმიანობას ვეწევი, მაქვს მომრიგებელი მოსამართლის სტატუსი, ვმუშაობ რამდენიმე ბიზნეს პროექტზე.
_ პრორუსული ორიენტაციის პარტიის შექმნას რომ აპირებთ, ამის შესახებ უკვე ცნობილია. იქვე, თქვენ აცხადებთ, რომ 15-20 % დაგიჭერთ მხარს. რატომ გაქვთ ამის მოლოდინი, ეს არც თუ ისე დაბალი რიცხვია საქართველოსთვის...
_ რა გიკვირთ? თქვენს ირგვლივ მოიკითხეთ და ნახავთ, გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკური სითამამე და რუსული ვექტორის ლეგალიზებაც გაზრდის მომხრეთა რიცხვს. მე ფეისბუქზე ბევრი დადებითი გამოხმაურება მაქვს. ხშირად მეკონტაქტებიან და პროცენტული დასკვნაც ამ ანალიზის შედეგად გავაკეთე.
_ ახალი ხელისუფლების ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში რამდენად მოგწონთ და რამდენად თავსებადია თქვენსავე სურვილებთან?
_ რაც კეთდება მომწონს, აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. რუსულ ბაზარზე შესვლა შესაძლებელია, დაბრუნება კი ეკონომიკური კატეგორიაა და ჩვენ ექსპორტიორთა მარიფათზეა დამოკიდებული.
_ რა არ არის საკმარისი ბატონო ვალერი? პუტინს პირად მფლობელობაში ხომ არ გადავუფორმოთ, ბარემ, ოკუპირებული ტერიტორიები?
_ საჭიროა რუსეთთან მეტი მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, რეგიონალურ გაერთიანებებში აქტიურობა, თუნდაც დაბრუნება და ახალშიც შესვლა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობები, რაც შეეხება გადაფორმებას მიმსგავსებული ნაბიჯისაც კი სასტიკი წინააღმდეგი ვიქნები, ყველა აღდგენილი და ახალი კავშირი მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საბოლოო მიზანს უნდა ემსახურებოდეს
_ თქვენ კარგად იცით, რის გამოც გამოვძევდით რუსეთის ბაზრიდან, მოგეხსენებათ ემბარგო რის გამოც მოხდა. ახლა რაშია საქმე? პუტინს ხომ არ ჰგონია, რომ მიზნის მიღწევა ივანიშვილის პირობებში უფრო ადვილია?
_ და რა მიზანი აქვს თქვენი აზრით, პუტინს? ოღონდ მიშას სიტყვებს ნუ მომიყვანთ, რომ მაგის ,,ერთი ადგილი" და საქართველოს დაქცევა სურს. რის გამო გამოვძევდით და რუსეთის ბაზარზე არსებული დსთ-ს დროინდელი პრივილეგიით ვსარგებლობდით და თან პოლიტიკურ თუ პირად შეურაცხყოფებს არ ვაკლებდით რუსეთს და მათ ლიდერებს, დაწყებული თეატრალიზებული ჯაშუშების გადაცემიდან, დამთავრებული ფეკალიების მიწოდებით და ლილიპუტობით. ბევრ რამეს რუსეთი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წყვეტს, ჩემი გადასაწყვეტი თუ იქნება, მაშინ კონკრეტულად ვიტყვი, ხალხს შევუთანხმებ, დავარწმუნებ და ნაბიჯსაც გადავდგამ. ბიძინა იბანიშვილს ძველი კავშირები დარჩა, მაგრამ ის ნიველირებული იქნება, თუ რუსეთისთვის მისაღები ნაბიჯები არ გადაიდგა, რუსეთს ცრემლების არ სჯერა.
_ ბატონო ვალერი, ჭორი გავცელდა, რომ აბასთუმანში ხშირად დადიხართ თურმე და მერაბიშვილზე უკეთესი აგარაკიც გქონიათ. გამოდის, რომ არც არავინ გდევნიდათ წინა ხელისუფლების პირობებში, რადგან თავისუფლად გადაადგილდებოდით?
_ სიმართლეა, რატომ დავმალო? შვებულების დროს ვიყავი აბასთუმანში, სადაც 1998 წლიდან ვცხოვრობ და მართლაც მაქვს სახლი, მაგრამ მერაბიშვილის აგარაკზე პატარაა. და ვინ თქვა, რომ დევნილი ვარ? მე 7 წელი საქართველოში ვიყავი, ვეწეოდი ბიზნესს, მათ შორის დაცვით საქმიანობის სფეროში, ბოლო პერიოდში ეს საქმიანობა სულ უფრო გაძნელდა, ისეთი კანონი მიიღეს და თან ვატყობდი, რაღაც ,,შავი ღრუბლები"" იკრიბებოდა ჩემს გარშემო, ამიტომ გავეცალე და ჩამოვდივარ კიდეც ხოლმე. ამჯერად 7 მარტს ვბრუნდები.
_ უკვე აპირებთ პარტიის ჩამოყალიბებას? იმასაც ამბობენ, რომ კუკავას და ნინო ბურჯანაძეს ესაუბრებით პარტნიორობაზე?
_ კუკავა და ბურჯანაძე ჯდება ჩემს პოლიტიკურ გემოვნებაში, ითანამშრომლებენ თუ არა ჩემთან, ძირითადად მათი გადასაწყვეტია. მუდმივი კონტაქტები მაღალჩინოსნებთან არ მაქვს, მეგობრული აუცილებლობით განსაზღვრული სიხშირით - კი, ბატონო. მე ჩემს გეგმებს დამოუკიდებლად ვგეგმავ.
_ ისე, რატომ ვერ მორიგდით მიხეილ სააკაშვილთან?
_ რა ვიცი, იმასაც კი ამბობდნენ, მიშას კარი ხაბურძანიამ გაუღოო და... მე მგონი, თავის დროზე მოადგილეობაზე უარი რომ ვუთხარი, ამიტომ. თუმცა რუსეთი დიდია და რაღაც დინებებში მიშას ბიძა მოძრაობდა კიდეც, მაგრამ ამჟამად მიშასთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა მკვდარია რუსეთისთვის. ის ელოდებოდა ახალ ძალას.
მიშა 2003 წლის ნოემბრის დასაწყისამდე არავის და არაფერს წარმოადგენდა, შემცდარმა ხალხმა და დამნაშავე ხელისუფლებამ აქცია გმირად. ის გმირად და მე ტერორისტად წარმომაჩინეს. არადა, ტერორისტებს აქეთ ვებრძოდი.
ყველაზე გამჭვირვალე მინისტრი და ლოიალური ხელმძღვანელი ვიყავი.
_ ბატონო ვალერი, როგორ მიგიღებთ ქართული საზოგადოება თქვენი რუსული ორიენტაციით, მაშინ როცა ამავე რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არაერთგზის მოაწყო სასაკლაო, იგივე 2008 წელს... როგორ აპირებთ მტრის მსოფლმედველობის პარტიის ფორმატში მოქცევას?
_ მე იურისტი ვარ და ჩემთვის ჩემი ცოდნაც რაღაცას ნიშნავს, სიტყვა ,,ოკუპაციონ" მოქალაქეობის და ადგილმდებარეობის აღმნიშვნელადაც იხმარება. ხომ გახსოვთ ცნობილი ანეკდოტი: რუსს პასპორტი რომ გამოართვეს და ეკითხებიან - ოკუპაციონ? და ის შეშფოთებით პასუხობს: ,,ნო, ჯასტ ვიზიტ". რუსეთი არის სეპარატიზმის მხარდამჭერი, კლასიკურ ოკუპაციასთან საქმე არ გვაქვს.
_ იგორ გიორგაძესთან ურთიერთობთ?
_ არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, სულ ერთადერთხელ შევხდი აქ.
_ არც კიტოვანთან და ხაჩიშვილთან?
_ არა, მაგათან არავითარი კონტაქტი არ მქონია.
_ ნოღაიდელი ხომ არ იქნება თქვენი მომავალი პარტნიორი?
_ ნოღაიდელიც შესაძლოა მოერგოს ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას, მაგრამ კონტაქტი არ მქონია, საპრეზიდენტო არჩევნები და აქედან გამომდინარე კანდიდატებიც არაა ჩვენი ინტერესის საგანი.
_ საქართველოს მოსახლეობის 70 %-მა რეფერენდუმის შედეგად თავისი არჩევანი ნატოს სასარგებლოდ გააკეთა. ფიქრობთ, თქვენი შესაძლო 20%-ით დაუპირისპირდებით ამ არჩევანს?
_რაც შეეხება 70 %-ს, ეგ არის არჩევნებში მონაწილე 60%-ის 70%, რაც მთელი მოსახლეობის 50%- იც არაა. თან გაითვალისწინეთ, ეს როდის და რა პირობებში ჩატარდა, თქვენ საინფორმაციო სააგენტო ხართ და გაქვთ საშუალება, რაღაც გამოკითხვა ჩაატაროთ, თუნდაც მარტივი და მოსინჯეთ. ნახავთ, რა შედეგსაც მიიღებთ და მერე ვისაუბროთ.
ჟანა ასანიძე
სააგენტო ,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






