ყოფილი სპეცრაზმელების უფლებების დამცველი ამბობს, რომ ბრალდებულებს ურთიერთობა მხოლოდ ადვოკატებთან აქვთ. იგი ფირცხალავას განცხადებას ბოდვას უწოდებს.
„ყოფილ სპეცრაზმელებთან მხოლოდ ადვოკატები შევდივართ. ფირცხალავამ სიცრუე ილაპარაკა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს საპროცესო გარიგებებთან დაკავშირებით, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან უდანაშაულოები და უდანაშაულოდ სხედან ციხეში, რასაც სასამართლო განხილვებზე დავამტკიცებთ. ბრალდებულები სასამართლოს დახურულ კარს მიღმა ჩვენებებს იმ მოტივით აძლევენ, რომ მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება დაცული იყოს“ - აცხადებს იაგო სოხაშვილი.
ფირცხალავას განცხადებას უარყოფს საქმის პროკურორი ლევან ადეიშვილიც და ყოფილ სპეცრაზმელებზე ზეწოლას უარყოფს.
ირაკლი ფირცხალავა ამბობს, რომ პროკურატურა ყოფილ სპეცრაზმელებს გაურიგდა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ პროცესზე ფირცხალავამ განაცხადა, ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც 7 რიგითი სპეცრაზმელი ერთ საკანშია მოთავსებული, შაბათ-კვირა პროკურატურის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
„დავინახე თუ როგორ შედიოდა პროკურორი და ორ-ორად გამოჰყავდა ბრალდებულები. ბრალდებულები საკანში ჩვენების ფურცლებით ბრუნდებოდნენ, რომლის მიცემაც პროკურატურამ სასამართლოში დაავალა. მათ კონკრეტულ პირობებსაც სთავაზობდნენ - განრიდება ან საპროცესო. რიგითი სპეცრაზმელები არიან უდანაშაულოები, ისინი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ცდილობენ მათ მორალურად გატეხვას", - განაცხადა ფირცხალავამ.
მასალის გამოყენების პირობები






