შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა: "28 თებერვლიდან იმ ადამიანებს, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობით არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდათ, შეუძლიათ, შეუზღუდავად ისარგებლონ ოჯახის ექიმთან ვიზიტით, ასევე ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო 15 ათას ლარამდე მომსახურების მიღებით", - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, სერგეენკო თვლის, რომ დაზღვევის საყოველთაო პროგრამის ამოქმედების შედეგად პოლიკლინიკებისადმი მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზრდება.
"დაზღვევის ამოქმედების შედეგად გადაუდებელ შემთხვევებზე სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის განსაკუთრებულად გაზრდა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობა შესაძლოა 1-ელი ივლისის შემდეგ გაიზარდოს, როდესაც უფასო პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმიური სერვისების დაფინანსებაც დაემატება. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიდაც ჩვენ გვაქვს საჭირო რესურსები მოქალაქეთა ადეკვატური მომსახურეობის უზრუნველსაყოფად", - განმარტა სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, ახალი პაკეტი ქვეყნის მასშტაბით 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს. ჯანდაცვის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 635 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება.
მასალის გამოყენების პირობები






