13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ეკლესია ქრისტეს თორმეტ მოციქულს ერთად იხსენიებს.
კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.
იესოს თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
„კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა“ უძველესი დღესასწაულია. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.
ეკლესიას თითოეული მოციქულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. თავად სვეტიცხოვლის ტაძარი ქრისტეს 12 მოციქულის სახელზეა აგებული.
13 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღიას სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება.
სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30სთ-ზე.
მასალის გამოყენების პირობები