12 ივლისი დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეა.
სახარების თანახმად, პეტრე მოციქული ანდრია მოციქულის ძმა იყო, რომელმაც მიიყვანა კიდეც ის ქრისტესთან. წმიდა პეტრეს ცოლი ჰყავდა და სახლი ჰქონდა კაპერნაუმში. ქრისტესაგან ხმობილი გენისარეთის ტბაში თევზის ჭერის დროს, იგი ყოველთვის იშვიათ ერთგულებასა და გამბედაობას იჩენდა, რითაც განსაკუთრებულად იყო დაახლოებული მაცხოვართან, მოციქულებთან - იაკობთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად.
მან პირველმა აღიარა ქრისტე მესიად, რის გამოც მიიღო „კლდის“ ზედწოდება; ამ კლდეზე უფალმა თავისი ეკლესიის აშენება ინება, რომელსაც ვერას დააკლებდნენ "ბჭენი ჯოჯოხეთისანი".
სულიერი ძალა, რომელიც გამომდინარეობდა მოციქულ პეტრესაგან იმდენად ძლიერი იყო, რომ თვით მისი ჩრდილი, რომელიც გადაუვლიდა ქუჩაში მწოლიარე ავადმყოფებს, კურნავდა მათ.
პეტრე მოციქული ქადაგებდა მცირე აზიაში იუდეველებისა და პროზელიტებისათვის, ქადაგებდა ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომში, ესპანეთში, კართაგენსა და ბრიტანეთში; გადმოცემის მიხედვით მარკოზ მოციქულმა თავისი სახარება სწორედ პეტრე მოციქულის მონათხრობის მიხედვით დაწერა.
ახალი აღთქმის წმიდა წიგნებს შორის არის პეტრე მოციქულის ორი ეპისტოლე. პირველ ეპისტოლეში იგი განამტკიცებს ქრისტიანობის აღმსარებლებს რწმენაში ქრისტეს მტერთაგან დევნილობის ჟამს; მეორე ეპისტოლეში პეტრე მოციქული მიმართავს მცირეაზიელ ქრისტიანებს და აფრთხილებს ცრუმოძღვრებათა შესახებ - რაც ემუქრებოდა ქრისტიანთა რწმენასა და ზნეობას: ამ დროს ვრცელდებოდა გნოსტიკური მწვალებლობანი, რომლებიც საზრდოობდნენ იუდევლობის, ქრისტიანობისა და წარმართობის ელემენტებით ერთდროულად.
სიცოცხლის ბოლოსათვის პეტრე მოციქული დაბრუნდა რომში, სადაც მოწამებრივად აღესრულა 67 წელს, თავდაღმა ჯვარზე გაკრული.
წმიდა პავლეს თავდაპირველი სახელი იყო სავლე. იგი დაბადებული იყო ქალაქ ტარსუში, რომელიც განთქმული იყო თავისი ბერძნული აკადემიით და განათლებული მცხოვრებლებით. შემდგომში სავლემ საკუთარი განათლება სრულყო იერუსალიმში, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.აქვე შეისწავლა მან მეკარვეობა, რაც მომავალში ეხმარებოდა მას საკუთარი შრომით საარსებო პურის მოპოვებაში.
ახალგაზრდა სავლე, როგორც ჩანს, ემზადებოდა რაბინის სამოღვაწეო ასპარეზისათვის და სწავლის გასრულებისთანავე გვევლინება ფარისევლური ტრადიციების თანმიმდევრულ დამცველად და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელად. იგი ამ საქმეში დიდ გულმოდგინებას იჩენდა თვით პალესტინის საზღვრებს მიღმაც.
უფალმა, ხედავდა რა მასში „რჩეულ ჭურჭელს“, უხმო მას სამოციქულო საქმიანობისათვის. დამასკოსაკენ გზად მიმავალი დიდმა სინათლემ დააბრმავა. ესმა ხმა, თუ რად სდევნიდა იგი უფალს და კითხვაზე, თუ ვისი ხმა ესმოდა, ემცნო, რომ ეს იყო ქრისტე, ვისაც ის სდევნიდა. დამასკოში ჩასული პავლე განსწავლულ იქნა რწმენაში და მესამე დღეს მონათლულს ანანიას მიერ, წყალში შთაფლვისას თვალები აეხილა. ამ დღიდან ის იქცა იმ რწმენის თავდადებულ დამცველად, რომელსაც აქამდე სდევნიდა. უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.
სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა.
უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის.
უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.
მასალის გამოყენების პირობები