ევროჯგუფმა დოკუმენტების მიღების ფაქტი დაადასტურა. თუკი ოფიციალური ათენი კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწევს, ეროვნული დავალიანების დასაფრად, ევროჯგუფისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 12 ივლისს დაგეგმილ სამიტის დღის წესრიგში საბერძნეთის ევროზონიდან გარიცხვის საკითხი დადგება.
უკვე ცნობილია რეფორმების მიმართულებები, რომლითაც საბერძნეთი ევროზონაში დარჩენას შეეცდება: გადასახადების ზრდა, დამატებითი ღირებულების გადასახადის 23 პროცენტამდე აწევა, საპენსიო რეფორმა და თავდაცვაზე დანახარჯების შემცირება. ახალ გეგმასთან ერთად, საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებს 53, 5 მილიარდი ევროს 3 წლიან ფინანსურ დახმარებასაც სთხოვს, რაც კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულებების დაფარვას უნდა მოხმარდეს.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით, ახალი გეგმა თითქმის იდენტურია იმ წინდადებების პაკეტისა, რომელიც კრედიტორებმა ათენს 26 ივნისს შესთავაზეს. საბერძნეთის პრემიერმა აღნიშნულ გეგმაზე უარი განაცხადა და რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 60-ზე მეტმა პროცენტმა კრედიტორების შეთავაზებას "არა" უთხრა.
საბერძნეთის კრედიტორებმა - ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა 5 წლის წინ დაიწყო და 200 მილიარდ ევროზე მეტი უკვე გადაურიცხა.
მასალის გამოყენების პირობები






