„ნიუპოსტთან“ საუბარში კალაშოვი 26 ივნისის ღამეს იხსენებს, რა დროსაც მისი თქმით, ოცამდე სამართალდამცველმა ის და მისი ორი მეგობარი კედელზე წარწერის გაკეთების გამო დააკავა.
„ვაკეთებდით კედელზე წარწერას - „გადაშენდი ბიძინა“, რა დროსაც 20-მდე შეიარაღებული სამართადამცველი დაგვადგა და წაგვიყვანეს ნაძალადევის რაიონის 7-ე განყოფილებაში. მე და ჩემი მეგობრები შეგვიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ნივთები. სამართალდამცავთა ორგანოების მაღალჩინოსნები აგრესიას გამოხატავდნენ ჩვენს მიმართ. არ მოგვცეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ტელეფონზე საუბრის საშუალება, ისინი უცენზურო სიტყვებით გვლანძღავდნენ. მათი მხრიდან ასევე ხდებოდა ჩემზე ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფები. პოლიციის ერთი-ერთი მაღალჩინოსანი მანუჩარ მანსურაშვილი, განყოფილების ერთ-ერთი უფროსი მურღულია და პიროვნება, რომლის სახელიც არ ვიცი გვეუბნეოდნენ - „ქურთებმა წადით და თქვენს ერაყში იბლატავეთ“, „ქურთებს რა გინდათ საქართველოში...“ და ასე შემდეგ. ჩემს გვედზე მჯდომს, ერთ-ერთ ჩემს მეგობარს უთხრეს - ეს ქურთია და ამან როგორ აგიყოლიათო. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ასევე იყო მუქარა, რომ თუ არ ჩამოვშორდებდი პოლიტიკურ საქმიანობას, ჩემს შვილებს ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ და დაიჭერდნენ“, - განაცხადა კალაშოვმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.
კალაშოვი ვარაუდობს, რომ პოლიცია მისი სამსახურის ადმინისტრაციასაც გაურიგდა.
„ყოველივე ამ გახმაურების შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნები მიდიან ჩემს სამუშაო ადგილზე შპს ბაზრობა "ვიტა"-ს ადმინისტრაციაში, სადაც ვფიქრობ რომ მოხდა ჩემს წინააღმდეგ მოლაპარაკება რათა გამაძეონ ჯიხურიდან რომელსაც მე ვქირავობ აღნიშნული ფირმისგან. 2015 წლის 1 ივლისს როდესაც მე დავბრუნდი საქალაქო სასამართლოდან ჩემს სამუშაო ადგილზე მომივიდა სიტყვიერი შელაპარაკება აღნიშნულ ბაზრობის დირექტორთან პაატა ადეიშვილთან, რომელიც წარსულში იყო ნაძალადევის რაიონის პოლიციის 8–ე განყოფილების თანამშრომელი. მითხრა, რომ თუ არ შევეშვებოდი პოლიტიკურ აქტიურობას ჯიხურს დამიკეტავდა და ასეც მოხდა. მინდა უახლოეს პერიოდში აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მივმართო“ - განაცხადა კალაშოვნა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პიროვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა, უწყებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
მასალის გამოყენების პირობები






