ამის შესახებ ფირცხალავამ ექსკლუზიურად "ნიუპოსტს" განუცხადა. ირაკლი ფირცხალავას თქმით, ამ სიმბოლური ჟესტით პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ პროკურატურამ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო მასალები ერთ-ერთ მედიასაშუალებას გადასცა.
"ის, რაც ახლა ხდება, მარაზმია. იმ მედიასაშუალების ჟურნალისტი, რომელმაც ვაზაგაშვილის საქმის ვიდეომასალა გაავრცელა, აცხადებს, რომ დასაცავია და დასაცავია ისიც, ვინც მას ეს კადრები გადასცა და ვის ვინაობასაც ვერ დაასახელებს. ვის სჭირდება დაცვა, არჩილ კბილაშვილს?", - ამბობს ირაკლი ფირცხალავა.
მისი თქმით, კადრები, რომლებიც ამ საღამოს გავრცელდა, არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების კადრები, რომლებიც კრიმინალისტებმა გადაიღეს და არ შეიძლებოდა, ვინმე სხვას ჰქონოდა, გარდა გამოძიებისა:
"ამავე დროს, არსებობს კადრები, სადაც კარგად ჩანს იარაღი, რომელიც მანქანაში მყოფთაგან ერთ-ერთს ჰქონდა. ისღა დამრჩენია, ჟურნალისტები შევკრიბო და პირველ საათზე "პირველი არხის" გვერდით, პოლიციის შენობასთან საგანგებო განცხადება FBI-ს ქუდით გავაკეთო", - უთხრა ირაკლი ფირცხალავამ "ნიუპოსტს".
შეგახსენებთ, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალები "ობიექტივმა" გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






