საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის, იანის ვარუფაკისის განცხადებით, თუკი 5 ივლისის რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობა კრდიტორების შეთავაზებებს დაუჭერს მხარს, თანამდებობას დატოვებს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ვარუფაკისმა „ბლუმბერგის“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, იმედოვნებს, რეფერენდუმზე პასუხი - „არა“ გაიმარჯვებს.
„ვიმედოვნებ, პასუხი - „არა“ გაიმარჯვებს. ამასთანავე, მე და პრემიერი ციპრასი დანარჩენ ევროპასთან ურთიერთსასარგებლო შეთანხმებას შევიმუშავებთ“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ამავდროულად, რეფერენდუმამდე ორი დღით ადრე მოსახლეობა აქციების გაგრძელებას გეგმავს. "ბიბისის" ინფორმაციით, გაიმართება ორი დამოუკიდებელი დემონსტრაცია. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მხარდასაჭერად გამოვა, ნაწილი კი მის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, საბერძნეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც საერთაშორისო დავალიანება დათქმულ დროში ვერ გადაიხადა. მილიარდ 600 მილიონის ოდენობის ვალის დაბრუნების ვადა, ათენს გუშინ ღამის 12 საათზე ამოეწურა. ვადა გაუვიდა ფინანსური დახმარების პროგრამასაც. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი დათმობაზე წავიდა. საბერძნეთის მთავრობა მზადაა კრედიტორთა თითქმის ყველა პირობას დათანხმდეს. ალექსის ციპრასმა მხოლოდ ორი ცვლილების შეტანა მოითხოვა - დამატებული ღირებულების გადასახადის დაწევა და საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა, რომელიც ძალაში ოქტომბრიდან უნდა შევიდეს. იმ შემთხვევაში თუკი საბერძნეთმა კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ქვეყანას დეფოლტი და ევროზონის დატოვება ემუქრება.
რეფერენდუმი 5 ივლისს ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს. რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, ათენში საპროტესო აქციები კი არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირის დატოვების მომხრეა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უნდა დარჩეს გაერთიანებაში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ არ მუშაობს ბანკები, თუმცა მათი ნაწილი პენსიონერებისთვის გახსნეს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის განცხადებით, საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას გააფორმებს, თუმცა ეს რეფერენდუმის შემდეგ მოხდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






