როგორც ნიჟარაძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით კეზერაშვილს 2010 წელს შეხვდა.
„2010 წლის 14 აგვისტოს დამიბარა კერეზაშვილმა თავისთან „პიქსელის“ შენობაში, სადაც მოითხოვა, რომ ფოთის ნავსადგურში არსებული ჩემი კომპანიების წილების გადაფორმება. მე იმ მომენტში არ დავეთანხმე. დამემუქრა დაჭერით და სიცოცხლის მოსპობით. მეუბნეოდა, რომ ეს მისი, ადეიშვილის და მერაბიშვილის გადაწყვეტილება იყო. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები ჩემთან სახლში, ეზოში იდგნენ. არ მეძლეოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. საძინებელში, რომ შევდიოდი იქაც მათი თანამშრომელი მეჯდა. მივხვდი, რომ მუქარა რეალური იყო და იძულებული გავხდი, რომ გადამეფორმებინა წილი მისთვის“, - ამბობს ნიჟარაძე.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარედგინა.
"გამოძიებით დადგენილია შემდეგი:
2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი.ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო ,,MISSION INVESTMENT LIMITED“, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის...", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






