უეფა-ს სუპერთასის ფინალზე შესაძლოა ლეო მესი და ხავიერ მასკერანო არ ჩამოვიდნენ. ბარსელონას არგენტინელი ლეგიონელები 11 აგვისტოსთვის შვებულებას ითხოვენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, სადაც წერია, რომ დინამო არენაზე მესისთან ერთად არც ხავიერ მასკერანო გამოვა.
„დიდი ალბათობით ლიონელ მესი თბილისში არ ჩამოვა, ხოლო თუ ჩამოვიდა იგი არ ითამაშებს, გამომდინარე იქიდან, რომ სამი კვირის განმავლობაში იგი შვებულებაში იქნება. კოპა-ამერიკის შემდეგ იქნება გადაღლილი და დაისვენებს“, - აცხადებს სპორტული ჟურნალისტი თემურ ქუნთელია.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გია გორგაძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დგას.
„ღმერთმა არ ქნას, რომ ესე იყოს, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. საერთოდ, მესი არ იღლება და იქნებ გადაიფიქროს“, - ამბობს გორგაძე.
შეგახსენებთ, 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება. ამ დრომდე მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა შეფერხებით მიმდინარეობს. Biletebi.ge-ზე გულშემატკივარმა მხოლოდ 1500 ბილეთის შეძენა შეძლო. დარჩენილი ნაწილი სავარაუდოდ სალაროებში გაიყიდება.
მასალის გამოყენების პირობები






