ერევანში ბაგრამიანის გამზირზე, საპროტესტო აქციის პარალელურად, ორმა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლების" სომხური რედაქცია ავრცელებს.
მოშიმშილეთა განცხადებით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის ამ ფორმის შეწვეტას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, სომხეთში 10 დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეები, სომხეთის მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.
23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა.
ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას მაინც არ აპირებენ.
28 ივნისს, მომიტინგეებმა "თავისუფლების მოედნიდან" ბაგრამიანის პროსპექტისკენ გადაინაცვლეს, პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაემუქრნენ.
ამ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეების მასა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილმა ტერიტორია დატოვა და თავისუფლების მოედანზე დაბრუნდა, ნაწილი კი ბაგრამიანის პროსპექტზე დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






