საბერძნეთის ხელისუფლება, ვალის დაფარვის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ევროზონის კრიზისების მართვის ორგანოს ორწლიანი საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასზე დაყრდნობით იტყობინება და ქვეყნის პრემიერის მიერ გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ათენს დღეს აქვს ბოლო დღე იმისათვის, რომ მილიარდ 600 მილიონი ევროს ოდენობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდს გადაუხადოს. საბერძნეთმა დავალიანება ვაშინგტონის დროით 18:00 საათზე უნდა დაფაროს.
თუ კრედიტორების მოთხოვნას საბერძნეთის მთავრობა არ დათანხმდება, მაშინ მას დეფოლტი და შემდეგ ევროზონის დატოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, დეფოლტის საფრთხის გამო, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, გუშინ საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურა. ათენი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, მას ფინანსური დახმარების ნაცვლად გარკვეული რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება.
საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის განცხადებით, 5 ივლისს, საგარეო ვალის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საბერძნეთი გააფრთხილა, რომ თუ კრედიტორების მიერ შეთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმაზე უარს იტყვის, მაშინ ათენთან მოლაპარაკებები სერიოზულად გართულდება.
მასალის გამოყენების პირობები






