ირაკლი ფირცხალავას თქმით, საქმის პროკურორს მის მიმართ პირადი ინტერესი აქვს. ფირცხალავამ განაცხადა, რომ 2006-2007 წლებში, როდესაც იგი კრიმინალურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მას პროკურორმა დაურეკა და ერთ-ერთი დაკავებული პირის გათავისუფლება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ფირცხალავას თქმით, მისი დაკავების ოქმი სწორედ ამირან გულუაშვილმა შეადგინა.
ამირან გულუაშვილსი თქმით, ფირცხალავას განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, 2006 წელს მესამე კურსის სტუდენტი იყო და არ იცოდა თუ ვინ იყო ირაკლი ფირცხალავა. გულუაშვილი ასევე აცხადებს, რომ იგი ირაკლი ფირცხალავას დაკავებას არ დასწრებია და არც დაკავების ოქმზე მოუწერია ხელი.
საქმის მოსამართლემ ფირცხალავას მოუწოდა დაესახელებინა პირი, რომლის გათავისუფლებასაც პროკურორი სთხოვდა და ტელეფონის ნომერი, რომელითაც პროკურორმა მას დაურეკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნათქვამის ნამდვილობა ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა.
საბოლოოდ მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის საპასუხოდაც ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ მის ნათქვამს მომდევნო სასამართლო სხდომებზე დოკუმენტურად დაადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






