ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ საბერძნეთის დეფოლტისა და მისი ევროზონის დატოვების თავიდან ასაცილებად დრო ჯერაც არის.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინი მზად არის ნებისმიერ დროს ესაუბროს საბერძნეთის მთავრობას. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით კი, საფრანგეთი მზად არის იმოქმედოს იმისთვის, რომ საბერძნეთი ევროზონაში დარჩეს.
შეგახსენებთ, დეფოლტის საფრთხის გამო , ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, დღეს საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურა. ათენი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, მას ფინანსური დახმარების ნაცვლად გარკვეული რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება.
საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის განცხადებით, 5 ივლისს, საგარეო ვალის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს.
მასალის გამოყენების პირობები






