ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა საბერძნეთის მთავრობა კრედიტორებთან მოლაპარაკებისას გამოჩენილი „ეგოისტური“ პოზიციის გამო გააკრიტიკა.
ამის შესახებ იუნკერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ადგილი ჰქონდა ეგოიზმს, ტაქტიკური და პოპულისტურ თამაშებს. საქმე ეხება სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას. ერთი დემოკრატიის 18-ის წინააღმდეგ თამაში - ეს დიდ ბერძენს ერს არ ეკადრება“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
იუნკერის თქმით, მას სურს ევროპა ერთიანი დარჩეს.
„ჩვენ არასოდეს წამოგვიყენებია ულტიმატუმები. ერთადერთი მიზანი იყო და რჩება, სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმების მიღწევა“ - დასძინა მან.
შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, დღეს საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხურა. ათენი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, მას ფინანსური დახმარების ნაცვლად გარკვეული რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება.
საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის განცხადებით, 5 ივლისს, საგარეო ვალის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს.
მასალის გამოყენების პირობები






