იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გია სოსანაშვილი უარს ამბობს, რომ მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების პირობებში იქნეს განხილული.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ განაჩენი ემოციურ ფონზე არ იქნეს გამოტანილი.
„ადამიანების ემოციურ ფონზე განაჩენი არ უნდა იქნეს გამოტანილი. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ კაცი მოკლეს შვილის საფლავზე. ეს უკვე ფსიქოლოგიურად მათზე ცუდათ მოქმედებს. ნაფიცმსაჯულები ირჩევიან საზოგადოებიდან. აქედან გამომდინარე მათ შეიძლება მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება. ამიტომ სოსანაშვილმა ამაზე უარი განაცხადა“, - განაცხადა ჯოგლიძემ.
საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა დნმ-თან დაკავშირებული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობაზე.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 19 იანვარს საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. საქმეში ბრალდებულია ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






