საბერძნეთის მთავრობამ ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, ქრისტოს სპირტზისის განცხადებით, ათენის მაცხოვრებლებს მეტროთი, ავტობუსებითა და ტროლეიბუსებით უფასო მგზავრობა ერთი კვირის განმალობაში შეეძლებათ. თუმცა ეს არ ეხება საბერძნეთის სხვა ქალაქებს, რადგან იქ მოსახლეობას კერძო კომპანიები ემსახურება.
საუბარი იყო ელექტროენერგიის გადასახადის დროებით გაუქმებაზეც, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, დღეს საბერძნეთში ბანკები და საფონდო ბირჟა დაიხერა. .ევრობანკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისგან საბანკო პანიკიდან იხსნის. გადაწყვეტილების დაანონსების შემდეგ წუხელ საბერძნეთში ბანკომატებთან მოსახლეობის რიგები იდგა. მათ დღეში 60 ევროს გამოტანის ლიმიტი ექნებათ.
ბანკების გახსნის თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროცესი 7 ივლისამდე გაგრძელდება.
მოსახლეობას უკვე მიმართა ქვეყნის პრემიერმა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ევროჯგუფის მხრიდან რეფერენდუმის წინ მოსახლეობის დაშანტაჟებაა. შეგახსენებთ, საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 5 ივლისს, საგარეო ვალის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს.
მასალის გამოყენების პირობები






