ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა - 35%-ით, ხოლო ამ თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლი 81%-ით გაიზარდა.
"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ტერორისტული აქტივობის ასეთი დრამატული ზრდა განსაკუთრებით ორი ჯგუფის - "ისლამური სახელმწიფოს" და "ბოკო ჰარამის" მიერ მოწყობილ ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წელს 1 083 ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. დღემდე ამ რაოდენობის თავდასხმა არც ერთ სხვა ჯგუფს არ განუხორციელებია.
ამერიკის ხმის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სირიაში 90 ქვეყნიდან დაახლოებით 16 000 უცხოელი მებრძოლი ჩავიდა, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უცხოელი მებრძოლების სხვა ქვეყანაში გამგზავრების და იქ ბრძოლაში ჩართვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს საქართველოდანაც შეუერთდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში, ტომ მანინოვსკი აცხადებს, საქართველოს მთავრობის სტრატეგია ისეთივე უნდა იყოს, როგორც ეს მთელს მსოფლიოშია და მისი მიზანი ტერორიზმის დამარცხება უნდა იყოს.
"ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლისას მთავრობებმა ადამიანების უფლებები თავად არ შელახონ, რომ ტერორიზმისგან მომავალი საფრთხეები მოსახლეობის ლეგიტიმური მშვიდობიანი უკმაყოფლების შესაზღუდად არ გამოიყენონ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ეს კონტრტერორიზმის ცუდი პოლიტიკაა" - ამბობს მალინოვსკი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






