ერევანში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვაგინაკ შუშანიანმა მომიტინგეებს ბაგრამიანის პროსპექტის დატოვებისკენ და "თავისუფლების მოედანზე" დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გამოცემა "ინტერფაქსი" იტყობინება.
"ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება. დაურეკეთ თქვენს მეგობრებს, მისწერეთ, რომ ყველანი მოვიდნენ "თავისუფლების მოედანზე". ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ არ გვინდა დაპირისპირებები. ჩვენ "კარვების ქალაქს" მოედანზე და დავრჩებით მანამ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მოთხოვნები უკვე სრულდება" - განაცხადა შუშანიანმა"თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას.
მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა "თავისუფლების მოედნიდან" ბაგრამიანის პროსპექტისკენ გადაინაცვლეს, პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაემუქრნენ.
ამ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეების მასა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილმა ტერიტორია დატოვა, ნაწილი კი ამ დრომდე სეკრების ადგილზე რჩება.
შეგახსენებთ, სომხეთის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ერევნის მოსახლეობამ გააპროტესტა. 23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა.
ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ დეეის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას მაინც არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






