„შავი პარასკევი“ , „ტერაქტების დღე“ - ასე შეაფასა უცხოურმა მედიამ გუშინდელი მოვლენები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა.
ტუნისში, საფრანგეთში, ქუვეითსა და სომალიში მომხდარ ტერაქტებს 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საფრანგეთი

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სენ-კანტენ-ფალავეში სამრეწველო გაზის საწარმოს დაესხნენ თავს. არსებული მონაცემებით, დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტები ქარხნის შესასვლელთან მანქანით მივიდნენ და გაზის ავზები ააფეთქეს. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპული ადამიანის ცხედარი თავის გარეშე იქნა აღმოჩენილი, თავი კი ღობეზე იყო წამოცმული. ცხედრის გვერდით ისლამისტური წარწერებით შავი დროშა აღმოაჩინეს. ტერაქტში ეჭვმიტანილი ორივე პირი დაკავებულია. ჯერჯერობით არ დასტურდება იყო თუ არა ეს ისლამისტი რადიკალების მიერ განხორციელებული თავდასხმა.
ტუნისი

ორმა შეიარაღებულმა პირმა ტუნისის ქალაქ სუსთან, კურორტ ელ-კანტაუიში, სასტუმრო "იმპერიალთან" და „სივოვასთან“ ცეცხლი გახსნა. ერთი დამნაშავე მოკლულია, მეორე დაკავებული. ტერაქტს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიისა და ტუნისის მოქალაქეები არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ქუვეითი

ქუვეითის დედაქალაქში ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავისაფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 10-მდე ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ თავდასხმაზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
სომალი

სომალიში, ქალაქ ლეგოში აფრიკის კავშირის ბაზაზე დაჯგუფება „აშ- შაბაბის“ თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით ბაზის ჭიშკართან მივიდა და თავი აიფეთქა.
მასალის გამოყენების პირობები






