საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სენ-კანტენ-ფალავეში სამრეწველო გაზის საწარმოს თავდასხმაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს. სამართალდამცავები მის სახლში ჩხრეკას აწარმოებენ. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზენიოვმა კი დილით დაკავებულის ვინაობა გაამხილა. ის რადიკალურ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი იეს სალეა.
შეგახსენებთ, დღეს დილით საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სენ-კანტენ-ფალავეში სამრეწველო გაზის საწარმოს დაესხნენ თავს.
ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტები ქარხნის შესასვლელთან მანქანით მივიდნენ და გაზის ავზები ააფეთქეს. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპული ადამიანის ცხედარი თავის გარეშე იქნა აღმოჩენილი, თავი კი ღობეზე იყო წამოცმული. ცხედრის გვერდით ისლამისტური წარწერებით შავი დროშა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ბერნარ კაზენიოვი, რომელმაც უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჯერ არ დასტურდება, იყო თუ არა ეს ისლამისტი რადიკალების მიერ განხორციელებული თავდასხმა.
შემთხვევის გამო ოლანდმა ევროკავშირის სამიტი მიატოვა და უშიშროების საბჭო მოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






