სომხეთის მთავრობა დემონსტრანტების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრაამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს ელ.ენერგიის ტარიფის პოლიტიკის გადახედვას და არ შეცვლის ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა, დაბალშემოსავლიან ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო მოხდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად კი ეროვნული ვალუტის თითქმის 20%-ით გაუფასურებას ასახელებს.
შეგახსენებთ, სომხეთის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ერევნის მოსახლეობამ გააპროტესტა. 23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა. ათასობით მოქალაქემ ერევანის ცენტრალური გამზირი ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო გადაკეტა, რასაც საბოლოოდ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. პოლიციამ დემონსტრატები რამდენჯერმე გააფრთხილა და ცენტრალური გამზირის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რაზეც დემონსტრატების უმრავლესობამ უარი განაცხადა.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით კი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში გაემგზავრა, თუმცა გამგზავრებამდე მთავრობას სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა მოსთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






