WikiLeaks-მა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. გუშინ ორგანიზაციის ვებ გვერდზე დოკუმენტი სახელწოდებით „ჯაშუშობა ელისეის სასახლეში“ გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებს - ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა. გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო მასალები სატელეფონო საუბრებსა და ელექტრონულ მიმოწერებს მოიცავს.
ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც 2012 წლით არის დათარიღებული, ოლანდის მიერ საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გასვლის შესახებ საუბარს ეხება. კიდევ ერთი დოკუმენტი კი 2011 წელს სარკოზის პოზიციას ავლენს, ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპრაკებებში აშშ-ის ჩაურთველობის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სკანდალურმა ინფორმაციამ გაჟონა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ვაშინგტონმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ჯაშუშობა, მითუმეტეს მოკავშირეებზე დაუშვებელია. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით კი, საგარეო დაზვერვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, თუკი არსებობს გონებრივი ეჭვი, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და ეს ეხება, როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე მსოფლიო ლიდერებსაც.
მასალის გამოყენების პირობები






