აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველო საერთაშორისო ტერორიზმისთვის სატრანზიტო ქვეყნად მოიხსენია.
„საქართველოს მთავრობას მეტწილად შესწევს უნარი დაუპირისპირდეს ტერორიზმს და ასევე „აქტიურ“ თანამშრომლობას განაგრძობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში, მაგრამ კვლავაც არსებობს „შეშფოთება“ იმის თაობაზე, რომ საქართველო გამოიყენება საერთაშორისო ტერორიზმისთვის როგორც წყაროდ, ისე სატრანზიტო ქვეყნად“ - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ამა წლის აპრილის თვეში გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, 50–დან 100–მდე საქართველოს მოქალაქე პანკისის ხეობიდან და აჭარიდან იბრძოდა სირიასა და ერაყში ან ალ–ქაედას მხარეს ან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებაში. ამ მებრძოლებს შორისაა პანკისის მკვიდრი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ–შიშანის სახელითაა ცნობილი.
„საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მოძალადე ისლამისტი ექსტრემისტები კვლავ იყენებდნენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიასა და სირია-ერაყს შორის სამოძრაოდ“ – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც 2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა 35%–ით გაიზარდა, ხოლო წინა წელთან შედარებით მსხვერპლმა 81%–ით იმატა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან საქართველომ „გააფართოვა“ კონტრტერორისტული კანონმდებლობა მოიყვანა რა „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში“ და „უფრო ზუსტი გახადა სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით გამოყენებისთვის“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ზოგადად, საქართველოს მთავრობას ძირითადად შესწევს უნარი, რომ ტერორიზმის ინციდენტები გამოავლინოს, შეაჩეროს და მათზე რეაგირება მოახდინოს“.
„ისლამურ სახელმწიფოში“ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა უცნობია; ზოგიერთი მონაცემით, სირიაში პანკისის ხეობის, ასევე აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონების ათობით მკვიდრი იბრძვის. ზოგიერთი მონაცემებით კი იქ 100–ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა ჩართული. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს, აპრილში განაცხადა, რომ 100–ზე მეტი მებრძოლის თაობაზე ცნობები გადაჭარბებულია. მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარეს მებრძოლთა რეალური რაოდენობა ორ–სამ ათეულს არ აღემატება.
იმ მოცემულობამ, რომ თბილისი ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებს, დაძაბული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რომელთანაც რთული რელიეფი ყოფს, შეზღუდა საქართველოს შესაძლებლობა, რომ დაიცვას მისი ჩრდილოეთ საზღვარი, ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






