გავრცელებული ცნობით, ერევანში დემონსტრაციის დარბევის დროს დააკავეს რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდენენ და ტექნიკური აღჭურვილობა დაუზიანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციიდან პირდაპირი ჩართვის დაწყებამდე ჟურნალისტებს პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი სცემეს და ვიდეოტექნიკა წაართვეს. გამოცემის თანახმად, ოპერატორი გარიკ არუთუნიანი პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა. დაზიანებულია მისი ვიდეოკამერა და ტელეფონი, რომლითაც ვიდეოს გადაღებას ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე ტელეკომპანია "გალას" ჟურნალისტი, ასევე გამოცემა news.am-ის, HETQ-ისა და panarmenian.net-ის ჟურნალისტებიც. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, 23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა. ათასობით მოქალაქემ ერევანის ცენტრალური გამზირი ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო გადაკეტა, რასაც საბოლოოდ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. პოლიციამ დემონსტრატები რამდენჯერმე გააფრთხილა და ცენტრალური გამზირის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რაზეც დემონსტრატების უმრავლესობამ უარი განაცხადა.
გამთენიისას დემონსტრატების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები






